უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს ესტონეთში ვიზიტისას გამოვიდა რუსეთთან ომში პაუზის წინააღმდეგ და თქვა, რომ ასეთი პაუზა მოსკოვს წაადგებოდა.
პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ უპასუხა შეკითხვას, ასეთი პაუზა სასარგებლო ხომ არ იქნებოდა უკრაინისთვის, რომელიც იარაღის მარაგის დაგროვებას შეძლებდა. მან აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა, რომელსაც არ მოჰყვება ომის შეწყვეტის შესახებ პოლიტიკური დიალოგი, „დაეხმარება მხოლოდ“ რუსეთს, ვინაიდან ის, ზელენსკის თქმით, ახლა დრონების, არტილერიისა და რაკეტების დიდ დეფიციტს განიცდის. ზელენსკის სიტყვებით, რუსეთი იძულებულია, იარაღი შეისყიდოს ირანისგან და ჩრდილოეთ კორეისგან, ვინაიდან „ვერ ასწრებს“ საკუთარი მრეწველობის აწყობას. „და ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს ეს დეფიციტი მათ სიმტკიცეზე ბრძოლის ველზე. პაუზის დაშვება? რისკზე წასვლა? რუსეთისთვის 2-3 წლის მიცემა? მერე ის შეძლებს, გადაგვიაროს. ჩვენ ასეთ რისკზე არ წავიდოდით“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, მისი დაკვირვებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მოსახლეობის მხარდაჭერა არ იზრდება. მისი აზრით, „რუსეთის მოქალაქეებმა შეგრძნება დაიწყეს, ომისა და სანქციების საკუთარ თავზე შეგრძნება“.
ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ევროპასა და დასავლეთში ზოგიერთი ძალა ემხრობა უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო დაზავების თემას. მისი სიტყვებით, ეს ხდება „კულუარებში არაფორმალურ შეხვედრებზე“. ესტონეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ზელენსკის და უკუაგდო დაზავების იდეა. მან მხარი დაუჭირა სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას უკრაინის გამარჯვებამდე.
ის ასევე გამოვიდა უკრაინისთვის დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების წინააღმდეგ. მისი სიტყვებით, შესაძლებელი უნდა იყოს, რომ ეს იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვისაც იქნეს გამოყენებული. აშშ და სხვა ქვეყნები ოფიციალურად აცხადებენ, რომ ამის წინააღმდეგი არიან. რუსეთის ტერიტორიების წინააღმდეგ იერიშების შესახებ რეგულარულად ვრცელდება ცნობები (თუმცა კიევი ასეთ ცნობებზე, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებს), მაგრამ ასეთი იერიშების დროს დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის ხელისუფლებაც კი უკიდურესად იშვიათად აცხადებს.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა, რომელიც ასევე შეხვდა ზელენსკის, პირობა დადო, რომ უკრაინას ოთხი წლის განმავლობაში გამოუყოფს დახმარებას საკუთარი მშპ-ს 0,25%-ის მოცულობით, საერთო ჯამში 1 მილიარდ ევროს.
ზელენსკის ვიზიტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სამომავლო სტრატეგიის შესახებ დისკუსიების ფონზე, მას შემდეგ, რაც ომი შევიდა პოზიციურ ფაზაში და ბოლო დროს კითხვის ქვეშ დადგა დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.