გაერო-ს უშიშროების საბჭო, ხვალ რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხს განიხილავს, –
ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ესტონეთის თავზე ნატო-ს საჰაერო სივრცის აშკარა, უგუნური და უხეშად დარღვევის საპასუხოდ, როდესაც შეიარაღებული MiG-31 გამანადგურებლები 12 წუთით შემოიჭრნენ ჩვენს ტერიტორიაზე, 22 სექტემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭო ტერიტორიული მთლიანობის ამ დარღვევისა და ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვის დარღვევის საკითხის განსახილველად შეიკრიბება“, – აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ საჰაერო სივრცეში ეს შეჭრა კიდევ ერთი საშიში აქტია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული და გლობალური დაძაბულობის ესკალაციას, რადგან რუსეთი – გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი – აგრძელებს აგრესიის ომს უკრაინის წინააღმდეგ.
„რუსეთის უგუნური და აგრესიული ქმედებები, ასევე საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების პრინციპების დარღვევები, მოითხოვს ძლიერ და ერთიან საერთაშორისო რეაგირებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, პარასკევს, სამი რუსული MiG-31 ტიპის გამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და 12 წუთის განმავლობაში დარჩა.
