8 აგვისტოდან ესტონეთის ხელისუფლებამ რუსეთთან საზღვარზე სრული საბაჟო კონტროლი შემოიღო. ახლა საზღვრის გადაკვეთისას ყველა პირი, ისევე როგორც ყველა საქონელი, შემოწმებას ექვემდებარება. მანამდე შემოწმება შერჩევით ხდებოდა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კრისტენ მიხალის განცხადებით, სრული საბაჟო კონტროლი ინერგება ესტონეთის გავლით სანქცირებული საქონლის ტრანსპორტირების თავიდან აცილების მიზნით. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა იურგენ ლიგიმ განმარტა, რომ ასეთ საქონელს შორის არის “ბევრი საეჭვო რამ”, მაგალითად, სამხედრო ან ორმაგი (შერეული) დანიშნულების ნივთები.
“ხშირად დეკლარაციაში დანიშნულების ადგილად უთითებენ მესამე ქვეყნებს, მაგრამ ჩვენ ამის არ გვჯერა. და პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ დანიშნულების ადგილისკენ, – რომელიც ძირითადად აზიის ქვეყნებში მდებარეობს, – მიმავალ გზაზე, ეს პროდუქტი ჩერდება შუა გზაზე, სადღაც რუსულ სივრცეებს შორის”, – ციტირებს მინისტრის სიტყვებს სააგენტო ERR.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საზღვრის ფეხით გადაკვეთისას, მებაჟეები შეამოწმებენ თითოეულ ადამიანს და მათ ბარგს. თუ ადამიანი საზღვარს მანქანით გადაკვეთს, მაშინ თავად მანქანა და მასში მოთავსებული ნივთები შემოწმდება. ავტობუსის მგზავრებს ბარგთან ერთად გაჩხრეკენ. ეს ზომა გავრცელდება ნარვის, კოიდულისა და ლუჰამის საკონტროლო პუნქტებზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესტონეთი რუსეთთან საზღვრის გასწვრივ თავდაცვითი ხაზის შექმნას და 600 ბეტონის ბუნკერის აშენებას გეგმავს. მშენებლობა 2025 წელს დაიწყება. თავდაცვითი ხაზი ასევე მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო და მავთულხლართების ბარიერებს.