მომავალ 2025 წელს, ესტონეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი საგადასახადო ცვლილება განხორციელდება. კერძოდ, გაიზრდება დამატებითი ღირებულების, საშემოსავლო და აქციზის გადასახადი, ასევე წესდება ახალი გადასახადი ავტომანქანებზე.
საგადასახადო რეფორმის პარამეტრები შემდეგნაირად გამოიყურება:
საშემოსავლო გადასახადი
2025 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის 20-დან 22 პროცენტამდე გაიზრდება.
2026 წელს შემოვა დამატებითი 2-პროცენტიანი ე.წ. „ეროვნული უსაფრთხოების გადასახადი“, რომელიც ყველა სახელმწიფო პენსიიდან, მშობლის შემწეობიდან და სხვა სახის ანაზღაურებებიდან გამოიქვითება.
იურიდიული პირების მოგების განაწილება, რომელიც ადრე 14 პროცენტით იბეგრებოდა, 2025 წლიდან 22 პროცენტით დაიბეგრება. 14-დან 18 პროცენტამდე გაიზრდება საკრედიტო დაწესებულებების საშემოსავლო გადასახადის წინასწარი განაკვეთი.
დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ)
დღგ-ს სტანდარტული განაკვეთი 22-დან 24 პროცენტამდე გაიზრდება. ეს ცვლილება ძალაში შევა არა მომავლი წლის პირველი დღიდან, არამედ 1 ივლისიდან.
სესხის მომსახურება დღგ-ს 9 პროცენტიან განაკვეთს აღარ დაექვემდებარება, რადგან ის 13%-მდე გაიზრდება.
დამატებითი ღირებულების გადასახადი მედიისთვის 5-დან 9 პროცენტამდე გაიზრდება.
გადასახადი ავტომანქანებზე
ახალი სატრანსპორტო გადასახადი, რომელიც წინა სახელისუფლებო კოალიციის (Reform-SDE-Eesti 200) მიერ ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილში იყო შეთავაზებული, რეალობად მომავალი წლის 1 იანვრიდან იქცევა.
ის საგზაო რეესტრში რეგისტრირებულ ყველა ავტომობილზე ვრცელდება.
ძირითადი (საბაზისო) გადასახადი 50 ევროა, ხოლო დამატებითი გადასახადი მანქანის გამონაბოლქვსა და წონაზე იქნება დამოკიდებული.
მიწის გადასახადი
საცხოვრებელი მიწის ნაკვეთზე მაქსიმალური განაკვეთი დასაბეგრი ღირებულების 0,5-დან 1 პროცენტამდე გაიზრდება, ხოლო კომერციულზე – 1-დან 2 პროცენტამდე.
აქციზის გადასახადი
ბენზინზე აქციზის გადასახადი, რომელიც 2018 წლიდან არ შეცვლილა, 2025 წლიდან ყოველწლიურად 5%-ით გაიზრდება.
აქციზის განაკვეთები 1 ივლისიდან გაიზრდება, რის შედეგადაც აქციზისა და დღგ-ის გაზრდის ჯამური გავლენა 1 ლიტრ საწვავზე 0,063 ევრო იქნება.
თამბაქოზე აქციზის გადასახადი ორ ეტაპად გაიზრდება – 2025 წლის იანვრიდან და ივლისიდან.
მართალია, 2025 წლის ივლისისთვის დაგეგმილი ალკოჰოლზე აქციზის 5-პროცენტიანი ზრდა გაუქმდა, მაგრამ 2026 წლის იანვრიდან ალკოჰოლზე აქციზის გადასახადი 10 პროცენტით გაიზრდება.
ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) საფინანსო კომიტეტმა ამ ცვლილების მიზეზად ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ზრდა დაასახელა. კერძოდ კი იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ მოქალაქეები, ალკოჰოლის იაფად შესაძენად, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სასაზღვრო რაიონებში მოკლევადიანი ვიზიტებით ჩადიან.
გარდა ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, სიგარეტზე აქციზის გადასახადი წლიდან წლამდე რეგულარულად გაიზრდება, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა. საგადასახადო ცვლილებები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც ბიზნესზე, ასევე ფიზიკურ პირებზე. ამიტომ, ექსპერტები გადასახადის გადამხდელებს ურჩევენ, 2025 და მომდევნო წლებში ფინანსების კორექტირებისთვის მოემზადონ.
წყარო: 1 არხი