ესტონეთი: ფასების სწრაფი ზრდა ადამიანებს აიძულებს, საქონელი აზიური ონლაინ-მაღაზიებიდან გამოიწერონ

ესტონეთში ფასების სწრაფმა ზრდამ განაპირობა იაფი პროდუქტების შეკვეთების მნიშვნელოვანი მატება ისეთ აზიურ ონლაინ-მაღაზიებში, როგორიცაა „თემუ“ და „ალიექსპრესი“. თუმცა, ჩინელი გამყიდველებისგან საქონლის შეძენისას, ევროკავშირის მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგულაციები არ მოქმედებს და ს მომხმარებელთა დაცვის სააგენტო წარმოშობილი პრობლემების მოგვარებაში ვერ ერევა.
ესტონეთის ელექტრონული კომერციის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ტინუ ვიაეტმა ესტონეთის ტელე-რადიო მაუწყებელს (ERR) განუცხადა, რომ აზიაში იაფი საქონლის შეკვეთების მოცულობა თითქმის 20 პროცენტით გაიზარდა და ასეთი სწრაფი ზრდა განსაკუთრებით მიმდინარე წელს არის თვალშისაცემი.
„ეს ტენდენცია, მნიშვნელოვანწილად, ესტონეთის ბაზარზე „თემუს“ შემოსვლასთან ერთად გაიზარდა“, – ამბობს ვიაეტი. როდესაც მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა მცირდება და ქვეყნის ეკონომიკა ჩერდება, სამომხმარებლო კალათი ყოველთვის „პატარავდება“ და ხალხი იაფი საქონლის ყიდვას იწყებს. ელექტრონული კომერციის კალათის საშუალო ზომა, გასული წლის განმავლობაში, დაახლოებით 20%-ით შემცირდა, თუმცა ამანათების მოცულობა 10-15%-ით გაიზარდა. ეს ტენდენცია იმით აიხსნება, რომ ხალხი, უბრალოდ, იაფ საქონელს უკვეთავს.
„თემუს“ გარდა, შეკვეთების რაოდენობა ასევ გაიზარდა „ალიექსპრესსა“და „ებაიში“ (eBay). ვიაეტი აღნიშნავს, რომ „თემუ“ არის რეკლამის ერთ-ერთი უმსხვილესი განმთავსებელი „გუგლისა“ და „მეტას“ პლატფორმებზე არა მხოლოდ ბალტიის რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში.
„რა ინფორმაციასაც არ უნდა ეძებდეთ, „გუგლი“ და „ფეისბუკი“ თითქმის მაშინვე „თემუს“ რეკლამას გაჩვენებთ. ძალიან აგრესიულ რეკლამას აკეთებენ და ძალიან იაფ საქონელს ყიდიან, გაყიდვების დიდი მოცულობაც აქედან მოდის“, – განმარტა მან.
როდესაც „თემუ“ ბაზარზე შემოვიდა, მთელი მსოფლიო სკეპტიკურად უყურებდა მის უნარს, კონკურენცია გაეწია „ალიექსპრესისთვის“, მაგრამ ახლა უკვე რეალურია იმის დაჯერება, რომ რაღაც მომენტში „თემუ“ „ალიექსპრესის“ გასწრებას მოახერხებს და ზოგიერთ სფეროში, სავარაუდოდ, უკვე გაასწრო კიდეც.
აზიური ონლაინ-მაღაზიების პოპულარობამ ესტონურ საცალო ვაჭრობაზეც იმოქმედა, განსაკუთრებით მათზე, ვინც მცირე გაჯეტების ფართო ასორტიმენტით ვაჭრობს. ამავდროულად, როგორც მოვაჭრეებმა, ასევე მომხმარებლებმა ელექტრონული კომერციის ასოციაციას უკვე მიმართეს, რომ „თემუ“ ევროკავშირში მოქმედ რამდენიმე კანონს არღვევს. ვიაეტი აცხადებს, რომ ფასდაკლებლებებს „თემუ“ ხშირად გვთავაზობს, მაგრამ არ ასაჯაროებს საქონლის ყველაზე დაბალ ფასს ბოლო 30 დღის განმავლობაში, როგორც ამას ევროკავშირის წესები მოითხოვს. აზიაში შეძენილ საქონელზე პრობლემები შეიძლება გარანტიასთან დაკავშირებითაც წარმოიშვას.
„კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირში პროდუქციის გაყიდვისას, არსებობს მკაცრი მოთხოვნები წარმოებისა და ხარისხის მიმართ, მაგრამ ძნელია გააკონტროლო ის საქონელი, რომელიც აზიიდან შემოდის. თუ პროდუქტი მხოლოდ რამდენიმე ევრო ღირს, წარმოუდგენელია მისი მასალა ძალიან მაღალი ხარისხის იყოს“, – ამბობს ვიაეტი.
ეკონომიკური აღმავლობის დროს, ელექტრონული კომერციით ესტონეთიდან გამავალი ფულის 55-60 პროცენტი ევროკავშირში რჩებოდა, ხოლო დაახლოებით 40 პროცენტი – მესამე ქვეყნებში. თუმცა, ვიაეტეს თქმით, სიტუაცია ახლა საპირისპიროდ არის შეცვლილი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიური საქონლის მოცულობის ზრდა მხოლოდ „თემუს“ არ შეიძლება დაბრალდეს, – ის მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობის დონესაც ასახავს. ადამიანების ჯიბეებს ძალიან დაარტყა ენერგომატარებლებზე ფასების მატებამ, ასევე საპროცენტო განაკვეთების ზრდამ და ინფლაციამ, რამაც, თავის მხრივ, სწრაფად აისახა ელექტრონულ კომერციაზე.
„ათი წლის წინ ძალიან გავრცელებული ბიზნეს-მოდელი იყო ჩინეთში იაფი საქონლის დიდი კონტეინერის შეკვეთა, რომელზე დანარიცხი 500 ან 50 პროცენტს შეადგენდა და ეს საქონელი მაინც იყიდებოდა. ასეთი მოდელების ეპოქა, როდესაც მცირე ონლაინ-მაღაზიებს არ აქვთ საკუთარი მარაგი და საქონელს ჩინეთში უკვეთავენ, ძირითადად, დასრულდა“, – ამბობს ვიაეტი.
მისი აზრით, ესტონელი მოვაჭრეებისთვის ერთადერთი გამოსავალია მათი კონკურენტული უპირატესობების ხაზგასმა: სწრაფი მიწოდება, ესტონურ ენაზე მომხმარებელთა მომსახურება და საქონლის უკან დაბრუნების სიმარტივე. ეს სამი „საყრდენი“ ადგილობრივი მოვაჭრეების ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. ვიაეტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქონლის 14-დღიანი დაბრუნების სისტემა მხოლოდ ევროკავშირში მოქმედებს.
მისი თქმით, მყიდველი, რომელიც ჩინეთში, მაგალითად, ორ ევროდ, 100 ცალ თმის სამაგრს შეუკვეთავს, უნდა დაინტერესდეს პროდუქტზე ნახშირბადის შესაძლო კვალით, წარმოების ხარჯებით და იმ მასალების ხარისხით, რომლისგანაც მისთვის სასურველი საქონელი დამზადდა. მაგრამ მომხმარებლებლებამდე ამის დაყვანა, სამწუხაროდ, ადვილი არ არის, თუმცა როგორც ვიაეტმა აღნიშნა, მომხმარებელთა ცნობიერება თანდათან მაინც იზრდება.
ის მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ესტონელი საცალო მოვაჭრე, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, დახუროს თავისი ბიზნესი. ვიაეტმა ასევე განაცხადა, რომ ონლაინ-მაღაზიის მართვა, რომელიც ათასობით სხვადასხვა პროდუქტს ყიდის, სულ უფრო რთული ხდება, რადგან ბაზარზე აზიიდან სულ უფრო მეტი კონკურენტი შემოდის. ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია ის, ვინც გარკვეული კატეგორიის საქონელზეა სპეციალიზირებული.
„ეს არის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის დიდი მინუსი – ჩვენი უწყებები საკმაოდ უძლურნი არიან, როდესაც საქმე აზიელი მოვაჭრეების პასუხისგებაში მიცემას ეხება. ესტონელი მოვაჭრეებს კი პასუხისგებაში აძლევენ და დევნიან სხვადასხვა წვრილმანებისთვის, მაგალითად, წესების მცირე დარღვევისთვის. არადა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მონაცემთა დაცვის ინსპექცია გასული წლის განმავლობაში „თემუს“ საერთოდ არ დაკავშირებია“, – ამბობს ვიაეტი.
ამასთან, ელექტრონული კომერციის ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ როგორც კი ქვეყნის ეკონომიკა გაუმჯობესებას დაიწყებს, ესტონელი საცალო მოვაჭრეების მდგომარეობაც გაუმჯობესდება. თუმცა, თუ ადამიანები საქონლის აზიაში შეკვეთას მიეჩვევიან, ვინაიდან ჩვევები ნელა იცვლება, ბაზრის ნაწილი, სავარაუდოდ, ისევ აზიაში დარჩება.
მომხმარებელთა დაცვისა და ტექნიკური რეგულირების ოფისის (TTJA) ხელმძღვანელი, კრისტინა ტამარუ ამბობს, მისი უწყება პერიოდულად იღებს თხოვნებს, რომ რჩევები მისცენ მესამე ქვეყნების ონლაინ-მაღაზიებში შეძენილ პროდუქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება მესამე ქვეყნებში განხორციელებულ შესყიდვებს, როგორიცაა, მაგალითად, ან ჩინეთი, ვერც TTJA და ვერც ევროკავშირის სამომხმარებლო ცენტრების ქსელი მომხმარებლებს ვერ ეხმარება. ასეთ დროს, როგორც წესი, მომხმარებელს მის უფლებებსა და პრობლემის გადაჭრის ვარიანტებს ვუხსნით. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია უშუალოდ გამყიდველთან ან საქონლის წარმომავლობის ქვეყანაში არსებულ იურიდიულ ორგანოებთან გადამისამართება“, – განმარტა მან.
ევროკავშირში სარეკლამო აქციების მარეგულირებელი წესები მესამე ქვეყნებზე არ ვრცელდება. ტამარუს თქმით, ეს ნიშნავს, რომ ასეთი ქვეყნებში შეკვეთების გაკეთებისას, მომხმარებლებმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან მათ არ აქვთ იგივე სამომხმარებლო უფლებები, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შეკვეთისას.
„ელექტრონული შესყიდვების განხორციელებისას, რეკომენდებულია მათი გადახდა საკრედიტო ბარათით, რადგან ამ შემთხვევაში, თუ საქონელი არ იქნა მოწოდებული, გადახდილი თანხის დაბრუნების გარკვეული შესაძლებლობა არსებობს“, – გვირჩევს თამარუ.
ესტონეთში ასევე ფუნქციონირებს ევროკავშირის მომხმარებელთა ცენტრი, მაგრამ ის რჩევებს იძლევა და ტრანსსასაზღვრო საჩივრებს განიხილავს მხოლოდ ევროკავშირში, ასევე ნორვეგიაში, დიდ ბრიტანეთსა და ისლანდიაში განხორციელებული შესყიდვების შემთხვევებში.
მომხმარებელთა დაცვის სამსახური მყიდველებს ურჩევს, დარწმუნდნენ, რომ გამყიდველის საკონტაქტო ინფორმაცია სწორი და ხელმისაწვდომია. თუ საიტის დომენი მთავრდება .ee-ზე ან საიტის შინაარსი დაწერილია ესტონურად, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია ესტონეთში ფუნქციონირებს.
რეკომენდებული არ არის პროდუქტის შეძენა საიტებზე, რომლებსაც საქმიანობის გამოცდილება არ გააჩნიათ ან თუ ისინი ეჭვს იწვევენ. შეძენამდე უნდა სთხოვოთ გამყიდველს, დააზუსტოს გაყიდვის პირობები და პროდუქტის მახასიათებლები. გარდა ამისა, უნდა იკითხოთ, როდის და როგორ არის შესაძლებელი გადახდა და რა დამატებითი სერვისებით სარგებლობა შეიძლება.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი

ასევე დაგაინტერესებთ