ესტონეთი, უსაფრთხოების გასაძლიერებლად, რუსეთის საზღვარზე ახალ კარიბჭეებს და ბარიერებს აყენებს

მდინარე ნარვაზე არსებულ ხიდზე, რომელიც ესტონეთს რუსეთთან აკავშირებს, კრიზისულ პერიოდში სასაზღვრო გადასასვლელზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად, კარიბჭეები და ბარიერები დამონტაჟდა.
ესტონეთ-ს საზღვარი მდინარე ნარვას შუაგულში გადის, რომელიც ორივე ქვეყნის დამაკავშირებელი ხიდის ქვეშ მიედინება.
ს მხრიდან ხიდის შესასვლელთან დამონტაჟებულია ლითონის ჭიშკარი, ხოლო ცენტრში, სადაც საზღვარი გადის, ფეხით მოსიარულეთათვის და მანქანებისთვის დამატებითი ბარიერებია მოწყობილი.
ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა(PPA) საზღვრის ამ მონაკვეთის მოდერნიზების შესახებ განცხადება პირველად 2024 წლის ივლისში გააკეთა.
„დაახლოებით ხუთი წლის წინ გვქონდა შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხრიდან მომავალმა მანქანამ მაშინ არსებული შლაგბაუმები გაარღვია. მომავალში ეს აღარ მოხდება – ბარიერები წინაღობას შეუქმნიან ავტომანქანებს, რომ ძალის გამოყენებით შეეცდებიან სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთას. შესაბამისად, სასაზღვრო კონტროლისთვის თავის არიდება ვეღარ მოხერხდება“, – ამბობს პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ნარვას საგუშაგოს ხელმძღვანელი, ანტი ეენსალუ.
„გარდა ამისა, კარიბჭის დაყენება, ხელს შეუწყობს ხიდზე პოტენციური მიგრაციული ნაკადის უკეთ მართვას. ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საგუშაგო შეიძლება მთლიანად დაიხუროს. ყველა სამუშაო, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება“, – განუცხადა მან „აქტუალურ კამერას“ (Actualne Caamera).
მსგავსი ბარიერები ასევე მოეწყობა სამხრეთ ესტონეთში, ლუჰამაასა და კოიდულას სასაზღვრო პუნქტებზე. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2 მილიონი ევრო იქნება.
ნარვაზე არსებული ხიდი ავტოტრანსპორტისთვის 2024 წლიდან ჩაიკეტა, როდესაც რუსებმა საზღვრის თავისი მხარე სარემონტო სამუშაოებისთვის დახურეს.
2023 წლის ნოემბრიდან სასაზღვრო ხიდის ესტონეთის მხარეს დამონტაჟებულია ბეტონის ბლოკები – ე.წ „დრაკონის კბილები“ – და დროებითი ბარიერები. ეს წინაღობები მას შემდეგ დაყენდა, რაც რუსეთმა 30-მდე მიგრანტს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა და ევროკავშირში დოკუმენტაციის გარეშე მათი შეშვება სცადა.
ეს ნაბიჯი დაემთხვა უფრო მასშტაბურ მიგრაციულ კრიზისს ფინეთში, რის გამოც ჰელსინკიმ მის აღმოსავლეთ საზღვარზე, რუსეთთან არსებული ყველა სასაზღვრო პუნქტი დახურა. ფინეთის ხელისუფლებამ ამ ნაბიჯს, ისევე როგორც სიტუაციას, რომელიც ბელორუსის საზღვარზე პოლონეთს, ლატვიას და ლიეტუვას შეექმნათ, „ჰიბრიდული თავდასხმა“ უწოდა.
იმ პერიოდში PPA-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვეიკო კომუსაარმა ესტონეთის ტელე-რადიო მაუწყებელს განუცხადა, რომ ესტონეთის ხელისუფლება დიდი ხანია ემზადება რუსეთის მხრიდან მიგრაციული თავდასხმისთვის.
კომუსაარმა აღნიშნა: „საკითხავი ის კი არ არის, მოხდება თუ არა ეს, არამედ ის, თუ როდის დაადგება რუსეთის ფედერაცია ბელარუსის გზას“.