ესტონეთის მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 2027 წლიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა ყველა წვევამდელისთვის 12 თვემდე გაიზრდება.
თავდაცვის მინისტრ ჰანო პევკურის („რეფორმის პარტია“) მიერ რიიგიკოგუში (პარლამენტში) შეტანილ კანონპროექტში ნათქვამია, რომ ეს ცვლილება თავდაცვის ძალებში წვრთნების მასშტაბისა და ტექნიკური სირთულის ზრდით, ასევე შეიარაღების თანამედროვე სისტემების დანერგვით არის განპირობებული.
გაწვევის ამჟამინდელ მოდელს ორი ციკლი აქვს: 11 თვე გრძელდება მათთვის, ვინც სამხედრო სამსახურს წლის დასაწყისში იწყებს და რვათვიანია მათთვის, ვინც სამსახურს შემოდგომაზე შეუდგება.
11-თვიანი სამსახური ეხებათ ჯავშანტექნიკის მომსახურე ქვეითებს, სამხედრო მძღოლებს, სამხედრო პოლიციელებს, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტებს, ასევე ყველა წვევამდელს, რომლებიც უმცროსი ოფიცრის ან ოფიცრის პოზიციებზე ნაწილდებიან. სამხედრო-საზღვაო ძალების მთელი პერსონალიც ასევე 11-თვიან წვრთნას გადის.
სხვა სპეციალობებში, როგორიცაა მსროლელები, იარაღის სპეციალისტები, ინჟინრები და საჰაერო თავდაცვის სპეციალისტები, სამხედრო სამსახური ამჟამად რვა თვეს გრძელდება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დღეს არსებული სასწავლო ციკლები ვეღარ უზრუნველყოფს სწავლების საჭირო ხარისხს ან ყველა სპეციალობაზე დატვირთვების თანაბარ განაწილებას.
ახალ სასწავლო გეგმებში უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება წვევამდელების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაზე, რათა ისინი იმ დონეზე მომზადდნენ, რომ შეძლონ დაკისრებული სამხედრო ამოცანების შესრულება როგორც მშვიდობიან დროს, ისე ომის პერიოდში.
„ეს გულისხმობს ჯარისკაცის ინდივიდუალურ უნარებს, ტექნიკური სისტემების მართვის უნარს, ასევე გუნდურ მუშაობას. ტაქტიკის ათვისებას და თანამშრომლობის პრაქტიკას მეტი დრო სჭირდება, რაც მოკლევადიანი სამხედრო სამსახურის პირობებში გარანტირებული ვერ იქნება“, – მიიჩნევს ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო.
აღნიშნული ცვლილება შეეხება იმ წვევამდელებს, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს 2027 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ დაიწყებენ. სავარაუდო პირდაპირი ხარჯები 2027 წელს 31 მილიონი ევრო იქნება.
მათთვის, ვინც სამსახურს 2026 წელს დაიწყებს, მაგრამ 2027 წელსაც გააგრძელებს, ხანგრძლივობა 11 თვე დარჩება.
წყარო: 1 არხი




