ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე წინაღობების აღმართვა დაიწყო. ქალაქ ნარვაში, „მეგობრობის ხიდზე“, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყანას რუსეთის ივანგოროდთან აკავშირებს, დამონტაჟებულია რკინის მასიური კონსტრუქცია კარით. ამის შესახებ ესტონეთის სატელევიზიო არხი, ERR-ი იუწყება.
ეს არის ახალი უსაფრთხოების სისტემის პირველი ფაზა, რომელიც ტრანსპორტის უკანონო გადაადგილების წინააღმდეგ არის მიმართული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მეტალის წინაღობა ხიდის საავტომობილო ნაწილს ფარავს. სამომავლოდ კი, მსგავსი წინაღობის აღმართვა იგეგმება საფეხმავლო ნაწილზეც. იუწყებიან ასევე მოძრავი ბარიერების აღმართვის გეგმაზე, რაც შესაძლებელს გახდის გზის გადაკეტვას არა მხოლოდ სასაზღვრო პუნქტის ტერიტორიაზე, არამედ პუნქტის გავლის შემდეგაც.
ნარვის სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელი, ანტი ენსალუ აღნიშნავს, რომ გადადგმული ნაბიჯები აუცილებელია სასაზღვრო პუნქტის უსაფრთხოებისთვის. ის ჰყვება, რომ დაახლოებით 5 წლის წინ, რუსეთის მხრიდან მომავალმა ავტომობილმა გაარღვია იმ დროს არსებული ბარიერები. ახალი, უფრო ძლიერი ბარიერების პირობებში ეს შეუძლებელი იქნება. ახალი კონსტრუქცია, ხიდის კონტროლის გარდა, შესაძლებელს გახდის, საჭიროების შემთხვევაში, შეაჩეროს მიგრანტთა ნაკადი.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, მშენებლობაა „მშვიდობის ხიდის“ რუსეთის ნაწილშიც. იქ ახალ სატრანსპორტო სასაზღვრო პუნტქს აშენებენ.
ERR-ს ინფორმაციით, 2025 წლის შემოდგომიდან, ესტონეთი იზრუნებს, მთელ სიგრძეზე გაამაგროს საზღვარი რუსეთთან.
ფორუმი
