ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 18 დეკემბერს გამოიძახეს რუსეთის საქმეების დროებითი რწმუნებული, რათა მისთვის გადაეცათ საპროტესტო ნოტა – რომელიც, როგორც აცხადებენ, უკავშირდება სახელმწიფოებს შორის დროებითი საკონტროლო ხაზის უკანონო გადალახვას, 17 დეკემბერს.
დარღვევა მოხდა მდინარე ნარვაზე, სოფელ ვასკნარვის რაიონში – სადაც რუსეთის მესაზღვრეები უნებართვოდ იმყოფებოდნენ ესტონეთის ტერიტორიაზე, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცახნას თქმით, რაიონში გააძლიერეს სადამკვირვებლო ზომები და ტალინი მზადაა საპასუხო ნაბიჯებისთვის. “საზღვრების გამოცდის რუსეთის მცდელობებზე საუკეთესო პასუხია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება” – ამბობს მინისტრი.
ესტონეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა რუსეთის სამმა მესაზღვრემ. მედიის თანახმად, მათ ესტონეთის ტერიტორიაზე 20-მდე წუთი დაჰყვეს.
სააგენტო DPA წერს, რომ ესტონეთის მხარეს აქვს სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ამ ინციდენტს ასახავს.
ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ტაროს თქმით, რუსეთის მესაზღვრეების მოტივები უცნობია. “უსაფრთხოებისთვის უშუალო საფრთხე არ შექმნილა, მაგრამ პოლიციამ და მესაზღვრეებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს თავიანთი წარმომადგენლობა და პატრულირება” – განაცხადა ტარომ ესტონეთის ტელევიზიის ეთერით.
DPA ასევე იუწყება ესტონეთისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც, როგორც ვარაუდობენ, ეს ინციდენტი განიხილეს. ესტონეთის წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის მხარემ უარი თქვა ეღიარებინა საზღვრის უკანონო გადალახვა, ის არ იყო მზად წარმოედგინა დამატებითი მონაცემები ან თავისი არგუმენტები.
რუსეთის მხარის ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
2024 წლის მაისში ესტონეთის სასაზღვრო მმართველობამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთმა აიღო 50-დან 24 ბუი, რომლებიც მდინარე ნარვაზე იყო განთავსებული, ორი ქვეყნის ტერიტორიული წყლების გამიჯვნის მიზნით. ამ ტივტივათა მდინარეზე განთავსება ხდება ყოველ გაზაფხულს, გამიჯვნა ყოველ წელს გადაისინჯება მდინარის ცვლილებების გათვალისწინებით.
მიმდინარე წელს ესტონეთმა რამდენჯერმე დაადანაშაულა რუსეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში. მოსკოვი ამას უარყოფდა.
ფორუმი




