ესტონეთის პოლიცია 500 000 ევრომდე ღირებულების პნევმატურ იარაღს შეიძენს

ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი (PPA) პნევმატურ იარაღს ყიდულობს, რათა შესაძლო ფართომასშტაბიან არეულობებს უკეთ გაუმკლავდეს. ასეთი იარაღი რეზინის ტყვიების ნაკლებად ხისტ ალტერნატივას წარმოადგენს.
პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი შესაძლო ფართომასშტაბიან არეულობებზე რეაგირების საშუალებებს აუმჯობესებს. ასეთი არეულობის მაგალითებია „ბრინჯაოს ღამე“ (არეულობები ტალინში 2007 წლის აპრილში – რედ.) ან ჰიბრიდული თავდასხმა ბელარუს-ლიეტუვას საზღვარზე, როდესაც არალეგალური მიგრანტების დიდი ნაწილი ერთდროულად ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას.
კრიზისებისთვის მოსამზადებლად, პოლიცია წყლის ჭავლის მანქანებს შეიძენს. გარდა ამისა, სამართალდამცავები პირველად იყიდიან პნევმატურ იარაღს, ანუ პნევმატიკას. ამ იარაღში, ტყვიის ნაცვლად, გასასროლად შეკუმშული ჰაერი ან რაიმე სახის გაზი გამოიყენება.
ეს იარაღი ჩვეულებრივ პატრულებს არ გადაეცემათ, მისი გამოიყენების უფლება მხოლოდ სწრაფი რეაგირების დანაყოფებს და არეულობის კონტროლის ჯგუფებს ექნებათ.
„იმ შემთხვევებში, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეუძლებელი ან დაუშვებელია, ადამიანებზე ზემოქმედებისთვის შეიძლება პნევმატური იარაღი იყოს გამოყენებული. მაგალითად, თუ ვინმე „მოლოტოვის კოქტეილს“ ან ქვებს ისვრის, ან მანქანის დაწვას ცდილობს, ასეთი იარაღი შეიძლება ეფექტური გამოდგეს“, – განმარტა ჩრდილოეთ პრეფექტურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, არმინ საარიცმა.
თავის მხრივ, პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მზადყოფნისა და რეაგირების ოფიცერი, იააკ კივისტე დასძენს, რომ პნევმატური იარაღიდან სროლა რამდენიმე ათეულ მეტრზე შეიძლება და რეზინის ტყვიების ნაკლებად სასტიკ ალტერნატივას წარმოადგენს. მის მიერ მიყენებული ტკივილი დაახლოებით პოლიციელის ხელკეტის დარტყმით გამოწვეულ ტკივილს უტოლდება.
პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა ჩარჩო-ტენდერი, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 500 000 ევრომდე ღირებულების პნევმატური იარაღის შესაძენად. კივისტეს თქმით, მომავალ წელს ასამდე ასეთი იარაღის შესყიდვა მოხდება.
„ისინი სხვა ქვეყნებშიც იქნა მიღებული, როგორიცაა ფინეთი, და იქ არსებულ დადებითმა გამოცდილებამ მოგვაწვია ნდობა, რომ ისინი აქაც შესაფერისია გამოსაყენებლად“, – აღნიშნა კივისტემ.
წყარო: 1tv.ge