ესტონეთის ელჩი: საქართველო შესაძლოა ძალიან დიდხანს დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში

ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო კურსზე, რუსულ კანონსა და დასავლეთის შესაძლო რეგულაციებზე ისაუბრა. ელჩის თქმით, რუსული კანონი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლება იქნება.
“საქმე მხოლოდ ამ კანონს არ ეხება, არის სხვა კანონებიც, რომლებიც ასევე საკამათოა და ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულების სისტემას. საქართველო შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში. ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ჩვენ ყველა არგუმენტი მივაწოდეთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, თუნდაც მათ თქვან, რომ ლეგიტიმური არგუმენტები არ გაუგიათ. ვფიქრობ, ჩვენ ბევრი არგუმენტი მოვიყვანეთ. ჩვენ მათ ასევე მივეცით აღწერილობები იმის შესახებ, თუ როგორ ვექცევით ამ საკითხებს ჩვენ, სხვა საზოგადოებები”. – თქვა ელჩმა.
როგორც კალიურანდმა აღნიშნა, რუსული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, რადგან იგი მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციისა და დემონიზაციისკენ, ხოლო დემოკრატიულ სახელმწიფოში ამის საჭიროება არ უნდა არსებობდეს.
“[…] ესტონეთში ასევე არის ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდება სხვა ქვეყნებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან. ჩვენ არ გვეშინია, რომ ისინი ძირს უთხრიან ჩვენს დემოკრატიას. სამოქალაქო საზოგადოების როლი არის კრიტიკული იყოს მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობის მიმართ და დააყენოს კრიტიკული საკითხები. თუ თქვენ ხართ კონსოლიდირებული და ძლიერი დემოკრატია და ხართ სამართლიანად არჩეული მთავრობა და პარლამენტი, თქვენ არ უნდა ინერვიულოთ იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება რამენაირად შელახავს თქვენს ლეგიტიმაციას. ორივე მხრიდან შეიძლება იყოს მკაცრი საუბარი, მაგრამ ეს სხვა საშუალებებით უნდა დაიძლიოს და არა რეპრესიული საშუალებებით”. – თქვა ს ელჩმა.
როგორ კალიუნარდმა აღნიშნა, მისთვის სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობის ნარატივის მიხედვით, ქვეყანა ევროკავშირს უახლოვდება, თუმცა თვითონ მთავრობის ქმედებები ამას არ ადასტურებენ.
“თქვენ არ შეგიძლიათ ხალხს დაჰპირდეთ ისეთ რამეს, რისი დაპირებაც თქვენზე არ არის დამოკიდებული, როგორიცაა გახდეთ ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის. ეს ჩვენზე, წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული. ჩვენ ასევე გავიარეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ასეთი კრიტერიუმები არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ.[…]
მე ვფიქრობ, რომ მთლიანობაში ევროკავშირს შეუძლია დაიცვას ყველა წევრი ქვეყანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ყველა ერთნაირ წესებს დავიცავთ. არ შეიძლება მოხვიდე და თქვა: მინდა კლუბის წევრი გავხდე, მაგრამ ჩემი წესები მაქვს. ეს ასე არ მუშაობს”. – თქვა ელჩმა.
ესტონეთის ელჩმა ინტერვიუში ხელისუფლების “გლობალური ომის პარტიის” ნარატივზეც ისაუბრა. მან მთავრობის ამ ნარატივს წინასაარჩევნოდ “აბსტრაქტული მტრის ფიგურის” შექმნის საშუალება უწოდა. ელჩის თქმით, მთავრობამ სრულიად არასწორი არჩევანი გააკეთა, როცა “თავიანთი ყველაზე დიდი პარტნიორები და მხარდამჭერები მტრად წარმოაჩინა”.
“გლობალური ომის პარტია არავინ და ყველაფერია ერთდროულად. როდესაც პარლამენტის ან მთავრობის წარმომადგენლებს ვეკითხებით, ვის გულისხმობთ გლობალური ომის პარტიაში, ისინი ჩვეულებრივ ამბობენ, რომ “ეს თქვენ არ ხართ”. მაგრამ ვკითხულობთ ინტერვიუებს, ვკითხულობთ იმავე ადამიანების განცხადებებს, ძალიან ნათლად გვესმის, რომ მათთვის ჩვენ შეიძლება ვიყოთ ამის ნაწილი – მე როგორც ესტონეთი, მე როგორც ევროკავშირი, მე როგორც დასავლეთის ნაწილი. როგორც ჩანს, ეს არის საშუალება, რომ მთავრობამ და პარლამენტმა ეს აბსტრაქტული მტერი ს წინ ხალხს დაანახოს. მათ სჭირდებათ მტრის ფიგურა, ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა, ვინც არ უნდა იყოს. მაგრამ ჩემი პრობლემა აქ არის ის, რომ მათ აირჩიეს სრულიად არასწორი მტერი. მათ თავიანთი ყველაზე დიდი პარტნიორები და მხარდამჭერები მტრად წარმოაჩინეს. […]
უბრალოდ არ არის სამართლიანი ჩვენი დემონიზაცია. ეს არის მესიჯი, რომელიც მივიღეთ. ახლა თქვენი, ხალხის გადასაწყვეტია; ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა ამას”. – თქვა კალიურანდმა.