ეს არის საშუალება, რომ მთავრობამ და პარლამენტმა ეს აბსტრაქტული მტერი არჩევნების წინ ხალხს დაანახოს. მათ სჭირდებათ მტრის ფიგურა, ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა, ვინც არ უნდა იყოს. მათ აირჩიეს სრულიად არასწორი მტერი. მათ თავიანთი ყველაზე დიდი პარტნიორები და მხარდამჭერები მტრად წარმოაჩინეს, – ასე აფასებს ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან „გლობალური ომის პარტიასთან” დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
მისი თქმით, „გლობალური ომის პარტია” არავინ და ყველაფერია ერთდროულად“.
„როდესაც პარლამენტის ან მთავრობის წარმომადგენლებს ვეკითხებით, ვის გულისხმობთ „გლობალური ომის პარტიაში“, ისინი ჩვეულებრივ ამბობენ, რომ „ეს თქვენ არ ხართ”. მაგრამ ვკითხულობთ ინტერვიუებს, ვკითხულობთ იმავე ადამიანების განცხადებებს, ძალიან ნათლად გვესმის, რომ მათთვის ჩვენ შეიძლება ვიყოთ ამის ნაწილი – მე როგორც ესტონეთი, მე როგორც ევროკავშირი, მე როგორც დასავლეთის ნაწილი. როგორც ჩანს, ეს არის საშუალება, რომ მთავრობამ და პარლამენტმა ეს აბსტრაქტული მტერი არჩევნების წინ ხალხს დაანახოს. მათ სჭირდებათ მტრის ფიგურა, ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა, ვინც არ უნდა იყოს. მაგრამ ჩემი პრობლემა აქ არის ის, რომ მათ აირჩიეს სრულიად არასწორი მტერი. მათ თავიანთი ყველაზე დიდი პარტნიორები და მხარდამჭერები მტრად წარმოაჩინეს“, – განაცხადა რიინა კალიუნრადმა.
ესტონეთის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ესტონეთი საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს მის განვითარებას. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ესტონეთის და ზოგადად დასავლეთის დემონიზება უბრალოდ არასამართლიანია.
„საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მრავალი წელია, რაც კეთილი მიზნებით ვართ აქ. ჩვენ მხარს ვუჭერდით საზოგადოებას. ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი რეფორმის გამოცდილება. ჩვენ მხარი დავუჭირეთ პატარა თემებს. ჩვენ დავეხმარეთ ყველა სახის სტრატეგიული დოკუმენტის გადახედვას. ჩვენ მივეცით საქართველოს ყველანაირი მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდებოდა წინსვლის, პროგრესსა და ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებაში. უბრალოდ არ არის სამართლიანი ჩვენი დემონიზაცია. ეს არის მესიჯი, რომელიც მივიღეთ. ახლა თქვენი, ხალხის გადასაწყვეტია; ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა ამას. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. თქვენი გადასაწყვეტია”, – განაცხადა ელჩმა.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ბმულზე.