ესპანური მედიის ცნობით, ხმელთაშუა ზღვაში რუსული სატვირთო გემი „ურსა მაიორი“ ჩაიძირა, რომელიც სავარაუდოდ, სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზის ევაკუაციაში მონაწილეობდა
ხმელთაშუა ზღვაში რუსული სატვირთო გემი „ურსა მაიორი“ ჩაიძირა, რომელიც სავარაუდოდ, სირიაში რუსული სამხედრო ბაზის ევაკუაციაში მონაწილეობდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით Maritime Executive, El Español და La Verdad ავრცელებენ.
ბორტზე მყოფი 16 მეზღვაურიდან 14 მაშველებმა კარტახენას პორტში გადაიყვანეს, კიდევ ორი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
სატვირთო გემი „ურსა მაიორი“ სანქტ-პეტერბურგიდან 11 დეკემბერს გავიდა, ხოლო საბოლოო დანიშნულების პუნქტად მითითებული იყო ვლადივოსტოკი, სადაც Vessel Finder-ის მონაცემების თანახმად, 22 იანვარს უნდა ჩასულიყო.
გემი მოსკოვის დროით 02:22 წუთზე საერთაშორისო წყლებში ესპანურ ქალაქ აგილასსა და ალჟირულ ორანს შორის ჩაიძირა.
La Verdad-ის წყაროების ცნობით, გემი „ძრავის განყოფილებაში აფეთქების“ შემდეგ გადაიხარა. კაპიტნის თქმით, ავარიის მომენტში სატვირთო გემზე ცარიელი კონტეინერები იყო.
„რუსული სამხედრო გემის ჩამოსვლამდე, რომელმაც სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელობა იკისრა, ჩაძირვის რაიონი ნაოსნობისთვის საფრთხის შემცველ ზონად გამოცხადდა“, – წერს La Verdad.
მოგვიანებით, მათ ესპანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების საპატრულო კატარღა შეუერთდა.
მანამდე, „მედიაზონა“ OSINT-ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა ხმელთაშუა ზღვაში სატვირთო გემები „სპარტა“ და „ურსა მაიორი“ გაგზავნა სამი დიდი სადესანტო გემის თანხლებით, სავარაუდოდ, სირიაში რუსული სამხედრო ბაზის ევაკუაციისთვის, სადაც დაემხო კრემლის მიმართ ლოიალური ბაშარ ასადის რეჟიმი.