ესპანეთში 300 მეტრის სიმაღლის ხარის ქანდაკების აღმართვა სურთ – ცხოველთა უფლებების დამცველები წინააღმდეგი არიან

ესპანეთის ეროვნული სიმბოლოს, ხარის გიგანტური მეტალის ფიგურა შესაძლოა, ბურგოსში გამოჩნდეს, რომელიც მადრიდიდან ორი საათის სავალზე მდებარეობს. ლითონის ქანდაკების სიმაღლე 300 მეტრი იქნება – ეს სამჯერ აღემატება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულ ცნობილ 112 მეტრი სიმაღლის ბურგოსის საკათედრო ტაძარს.
პროექტის ინიციატორი, ესპანეთის კორიდის აკადემია, მზადაა დააფინანსოს მშენებლობა.
ხარის რქები პანორამული დასათვალიერებელი პლატფორმების სახით იქნება გამოყენებული, ხოლო სუვენირების მაღაზიები, კაფეები და რესტორნები შესაძლოა, ქვედა ნაწილში, 650 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე განთავსდეს. გარდა ამისა, ქანდაკებაში საგამოფენო სივრცეები განთავსდება.
ბევრი ესპანელი ეწინააღმდეგება კოლოსალურ ხარს და ამ იდეას აბსურდულად მიიჩნევს, ასევე ცხოველთა უფლებების დამცველები, რომლებიც კორიდას აკრძალვას მოითხოვენ. საქმე ისაა, რომ თავდაპირველად ხარი მისი სიმბოლო იყო. ახლა სულ უფრო მეტი ესპანელი მოითხოვს ხარების ბრძოლის აკრძალვას, ხოლო ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია Peta მას „ტრაგედიის ტრადიციას“ და „რიტუალურ მკვლელობას“ უწოდებს.
ამასთან, ესპანეთში ხარების უზარმაზარი შავი სილუეტები დღემდე დიდი რაოდენობით დგას გორაკების მწვერვალებსა და გზისპირა ადგილებში.
ხარების ბრძოლა კანარის კუნძულებზე, რომლებიც ესპანეთის შემადგენლობაში შედის, 1991 წელს აიკრძალა. 2010 წელს კატალონიის ავტონომიურ თემში ხარების ბრძოლის აკრძალვის მცდელობა იყო, თუმცა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ მოგვიანებით აკრძალვა გააუქმა.
წყარო: euro-pulse