ესპანეთში დააყადაღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლი.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორმა განაცხადა, ესპანეთში სახლი მისი ცოლის სახელზე იყო რეგისტრირებული.
ამის გარდა, როგორც ადვოკატი, დიმიტრი ხაჩიძე აცხადებს, ყადაღა ადევს ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი ცოლის მშობლების საპენსიო ანგარიშებსაც.
„დაყადაღებულია ქონება, დაყადაღებულია ანგარიშები, არა მარტო მშობლების, არამედ ბებიის, მისი მეუღლის მშობლების საპენსიო ანგარიშებიც. მე ვიცნობ [მისი მეუღლის მამას], ძალიან კარგი კაცია, მაგრამ დღეს ჯანმრთელობის პრობლმები აქვს და დღეს პენსიასაც ვერ იღებს. ეს დაყადაღებულია გასული წლის აგვისტოდან, როცა ბატონი ჯუანშერი ჯერ ბრალდებულის სახითაც არ იყო ჯერ პასუხისგებაში. მაშინ ჩვენ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ, მაგრამ შედეგი დღემდე არის იგივე. პენსიაზეა ეს ხალხი და სახელმწიფო პენსიას რომ ურიცხავს, მაგ პენსიასაც ვერ იღებს ეს ხალხი. ასეთი მოცემულობაა.
ჩვენ რომ გავასაჩივრეთ, მაგალითად, მის ერთ-ერთ ნათესავს შპს-ში წილი დაუყადაღეს. რა კავშირშია საქმესთან, საერთოდ გაუგებარია, მაგრამ შუამდგომლობაშიც და განჩნებაც ეწერა, დაყადაღდეს 100%-იანი წილიო, თუმცა 100%-იანი წილი საერთოდ არ აქვს. ეს რომ გავასაჩივრეთ, ზედმგომმა ინსტანციამ მხოლოდ ეს მომენტი გაასწორა, უი ბოდიში 100 კი არა, 50%-იანი წილი ჰქონიაო“, – განუცხადა „ტვ პირველს“ დიმიტრი ხაჩიძე.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს. ყოფილ მინისტრს თანამდებობით ბოროტად სარგებლობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.




