რუსეთში ექსპორტირებული ნივთიერებები შეიძლებოდა ქიმიურ იარაღად ყოფილიყო გამოყენებული.
რუსეთში ქიმიკატების გაგზავნისთვის დაკავებული პირები შუამავლებს და სხვა ქვეყნებში არსებულ ფასადურ კომპანიებს იყენებდნენ.
აკრძალული საქონლის კონტრაბანდის ბრალდებით, დაკავებულია ხუთი პირი, რომლებიც რუსეთში ქიმიკატებს აგზავნიდნენ. კონტრაბანდული ქსელის წევრები ყირგიზეთში ან სომხეთში არსებულ ფასადურ კომპანიებს და შუამავლებს იმისთვის იყენებდნენ, რომ მოსკოვში მყოფ რეალურ საბოლოო მომხმარებელთან ქიმიკატები გადაეგზავნათ.
ბარსელონასა და ვალენსიის პროვინციებში კონტრაბანდისტების დაკავება გასულ ორშაბათს ეროვნული პოლიციისა და საგადასახადო სააგენტოს საბაჟო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში მოხდა.
10 თებერვალს კი მთავარი საგამოძიებო სასამართლოს მოსამართლე დათანხმდა, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილებს პასპორტები ჩამორთმეოდათ და სასამართლოში პერიოდულად გამოცხადების ვალდებულება დაკისრებებოდათ. აკრძალული ნივთიერებებისა და ქიმიური იარაღის პრეკურსორების კონტრაბანდაში დადანაშაულებული პირები, რომლებიც რუსეთში ქიმიკატების გაგზავნის საქმეზე გამოძიების ქვეშ 2022 წლიდან იმყოფებიან, მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ამ საქმის გამოძიების ფარგლებში, ბარსელონას პორტის საბაჟო ტერიტორიიდან ამოღებულია 13 000 კილოგრამი ქიმიური ნივთიერება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროპულ სანქციების ჩამონათვალშია შეტანილი და რუსეთისთვის იყო განკუთვნილი.
სამართალდამცავების მიერ დოკუმენტურად დაფიქსირდა იმ ქიმიური ნივთიერებების რუსეთში უკანონო ექსპორტის მცდელობა, რომელთა გადაზიდვაც უკრაინაში ომის გამო აკრძალულია. რუსეთში გადამისამართებულ პროდუქტებს შორის არის ნივთიერება, რომელიც მოხსენიებულია როგორც ქიმიური იარაღის ან ნერვული აგენტების პრეკურსორი, ასევე სხვა აკრძალული პროდუქცია, რომლებიც მითითებულია, როგორც ასაფეთქებელი ნივთიერებების პრეკურსორები.
სამი კომპანიის სათაო ოფისში ჩხრეკისას ამოღებულია 70 000 ევრო ნაღდი ფული, კომპიუტერული ტექნიკა, ელექტრონული მოწყობილობები და სხვადასხვა დოკუმენტაცია. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ამჟამად მიმდინარეობს სამართალდამცავების ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზი.
წყარო: 1 არხი
