ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად აღდგა

ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად აღდგა. რა გახდა მასობრივი გათიშვის მიზეზი ჯერ ისევ უცნობია.
ქვეყნის პრემიერმა პედრო სანჩესმა X-ზე დაწერა, რომ სატრანსპორტო საშუალებები ქვეყანაში სრულად აღდგა. მისივე განცხადებით, მომხდარზე უშიშროების საბჭოში იმსჯელებენ. ასევე მედიაში ვრცელდება ცნობები შესაძლო საბოტაჟზეც. პორტუგალიის პრემიერმა ლუის მონტენეგრომ კიბერთავდასხმა გამორიცხა.
პირენეის ნახევარკუნძულზე, 28 აპრილს ადგილობრივი დროით დაახლოებით დღის 12 საათზე, ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა მოხდა. შემთხვევა შეეხო როგორც ესპანეთს, ასევე პორტუგალიას. შეფერხებები დაფიქსირდა ანდორაში და საფრანგეთის სასაზღვრო რეგიონებშიც.
მასობრივმა გათიშვამ მნიშვნელოვნად დააზარალა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. მადრიდში შეწყდა მეტროსა და გარეუბნის მატარებლების მუშაობა, ხოლო ესპანეთის რკინიგზამ Adif-მა გადაადგილება მთლიანად გააჩერა. ლისაბონის აეროპორტში ელექტრომომარაგების გათიშვამ ქაოსი გამოიწვია ათასობით მგზავრისთვის.