ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილ პრეზიდენტს, კარლეს პუჩდემონს ამნისტიაზე უარი უთხრა. როგორც გამოცემა Financial Times აღნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილება ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის მმართველ უმრავლესობას საფრთხეს უქმნის.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ამნისტია არ გავრცელდება პუჩდემონის წინააღმდეგ წაყენებულ ერთ-ერთ ბრალდებაზე, კერძოდ, საჯარო თანხების გაფლანგვის ბრალდებაზე, რადგან მოსამართლის განმარტებით, ამნისტია არ ეხება ორ გამონაკლისს: პირადი გამდიდრებისთვის ჩადენილ დანაშაულებს და დანაშაულებს, რომელიც ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს აზიანებს.
როგორც Financial Times აღნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს სანჩესის მთავრობის სტაბილურობის მიმართ, რომელსაც კანონების მისაღებად პუჩდემონის პარტიის მხარდაჭერა სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, პედრო სანჩესი ამბობდა, რომ ამნისტიის შესახებ შეთანხმება, რომელმაც მას პარლამენტში დამატებით შვიდი ხმა მოუტანა, საჭირო იყო კატალონიის სტატუსის შესახებ არსებული კონფლიქტის გადასაჭრელად.
ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამნისტიის შეთანხმებას კანონის უზენაესობის შეურაცხყოფას უწოდებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ სანჩესის ეს ნაბიჯი არის იმის მტკიცებულება, რომ ის ხელისუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი.
აღსანიშნავია, რომ ამნისტიის შეთანხმების ირგვლივ დაპირისპირებისა და არჩევნების სიხშირის გამო, ესპანეთის პარლამენტს მნიშვნელოვანი კანონი წელიწადზე მეტია არ მიუღია.
2018 წელს პუჩდემონის მიერ კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო.
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრებს 2017 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში და რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებაში როლისათვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.
პუჩდემონი 2017 წლის ოქტომბრიდან თავს ბელგიას აფარებს. ის ქვეყნიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც ოფიციალურმა მადრიდრმა კატალონიის რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა და რეგიონის ლიდერების გასამართლება დაიწყო.