ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, მოსალოდნელი შტორმის გამო, რეგიონებში ევაკუაცია გამოცხადდა

ესპანეთის სამხრეთ ნაწილის რამდენიმე რეგიონში, მოსალოდნელი შტორმისა და ამინდის გაუარესების გამო მასობრივი ევაკუაცია გამოცხადდა.

აქამდე, კოკისპირულმა წვიმამ და ძლიერმა სეტყვამ, ესპანეთის რამდენიმე რეგიონში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ძლიერი წყალდიდობები გამოიწვია.

2 ნოემბერს, სტიქიის საპასუხოდ, ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა გამოაცხადა, რომ წყალდიდობისგან ყველაზე მეტად დაზარებულ რეგიონში, ვალენსიაში დამატებით 5 000 პოლიციელსა და 5 000 ჯარისკაცს გააგზავნიდნენ.

ბოლო მონაცემებით, ვალენსიის რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში დაახლოებით 1 700 სამხედრო იყო ჩართული – მაშველები უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებდნენ.

ასევე ბოლო მონაცემებით, ესპანეთში სტიქიური უბედურების შედეგად, 220 ადამიანი დაიღუპა.

ამ დროისთვის, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული მალაგას რეგიონში, კონკრეტულად მარბელას, ველეზისა და ესეპონას საკურორტო ზონებზე – არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი 3 000-მა ადამიანმა დატოვა.

ამინდის ფენომენს, რომელსაც მალაგას რეგიონი ელოდება ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროგიოლურმა სააგენტომ დანა (DANA) უწოდა.

ასევე, ე.წ. “წითელ ზონად” გამოცხადდა ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიც.