მიმდინარე კვირა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში გარკვეული ცვლილებების შეტანით დაიწყო. მან განათლების მინისტრი შეცვალა, რომელიც, ამავე დროს, მთავრობის პრეს-სპიკერის ფუნქციებს ითავსებდა.
ესტრემადურას რეგიონულ არჩევნებში პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის „სოციალისტური მუშათა პარტიის“ მიერ განცდილი ისტორიული მარცხის კვალდაკვალ, ესპანეთის მთავრობის მეთაურმა აღმასრულებელ ხელისუფობაში გარკვეული საკადრო ცვლილებების განხორციელება გადაწყვიტა. ამ არჩევნებში მემარჯვენეებისა და ულტრამემარჯვენეების გამარჯვების მიუხედავად, სანჩესი დარწმუნებულია, რომ გააჩნია ენერგია და ნება, რომ კანონით განსაზღვრული მისი უფლებამოსილების ვადა ბოლომდე მიიყვანოს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, ქვეყნის მოსახლეობისთვის მიმართვისას, სანჩესმა განათლებისა და სპორტის მინისტრის, პილარ ალეგრიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, რათა მან თებერვლისთვის დანიშნულ არაგონის რეგიონულ არჩევნებზე მოახდინოს კონცენტრირება. პილარ ალეგრია, ამავე დროს, მთავრობის პრეს-სპიკერი იყო.
მის ნაცვლად, სამინისტროს ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრმა გეოგრაფი და ისტორიკოსი, მილაგროს ტოლონ ხაიმე დანიშნა, რომელიც ტოლედოს ყოფილი მერია, მანამდე კი კასტილია-ლა-მანჩას რეგიონში მთავრობის დელეგატი იყო. მინისტრთა კაბინეტის პრეს-სპიკერის მოვალეობას კი ინტეგრაციის, სოციალური უზრუნველყოფისა და მიგრაციის ამჟამინდელი მინისტრი, ელმა საესი შეასრულებს.
„კოალიციური მთავრობა ამ ეტაპს ენთუზიაზმით, ენერგიით და მიზნის განახლებული განცდით ხვდება. მას გადაწყვეტილი აქვს, თავისი თითოეული ინიციატივა, დიალოგის გზით, ბოლომდე დაიცვას“, – განაცხადა პედრო სანჩესმა მადრიდში, მონკლოას სასახლეში გამოსვლისას.
ისე, რომ არჩევნებში თავისი პარტიის სავალალო შედეგები არ ახსენა, სანჩესმა დასძინა, რომ „მზადაა იბრძოლოს ყველა ინიციატივის ბოლომდე მისაყვანად“ და „დარწმუნებულია, რომ გუნდში საუკეთესო ხალხი ჰყავს“.
სანჩესის ეს განცხადება მოჰყვა 21 დეკემბერს ესტრემადურაში „ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის“ ისტორიულ საარჩევნო მარცხს. დღემდე ეს რეგიონი სოციალისტების მამულად მიიჩნეოდა, რომელსაც პარტია თითქმის ერთპიროვნულად მართავდა: 11 ავტონომიური საკანონმდებლო ორგანოდან ცხრაში უმრავლესობა გააჩნდა (მათგან შვიდში – აბსოლუტური უმრავლესობა) და მხოლოდ ერთ არჩევნებში (2011 წელს) ვერ გავიდა პირველ ადგილზე. სანჩესის პარტიას მარცხი იმ დროს შეემთხვა, როცა ბოლო თვეებში მთავრობის ავტორიტეტი ისედაც შერყეულია მრავალი სკანდალისა და სასამართლო გამოძიების გამო, რომლებიც სოციალისტ ლიდერთან დაახლოებულ რამდენიმე პირს ეხება.
თავად სანჩესი თანამდებობაზე დარჩენას თავისი უფლებამოსილების ვადის ბოლომდე, ანუ 2027 წლამდე აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციურ პარტნიორებს ამაში ეჭვი ეპარებათ. პრემიერ-მინისტრმა ისარგებლა შემთხვევით და თავის გამოსვლაში, მთავრობის ეკონომიკურ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. მან, კერძოდ, აღნიშნა, რომ დღეს თითქმის 22 მილიონი ადამიანი იხდის სოციალური უზრუნველყოფის გადასახადს, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე მიუთითებს. სანჩესმა ასევე განაცხადა,რომ 2026 წელს პენსიები 2.7 პროცენტით გაიზრდება.
21 დეკემბერს ესტრემადურაში გამართულ ვადამდელ არჩევნებში მემარჯვენე „სახალხო პარტიამ“ გაიმარჯვა, ხოლო ულტრამემარჯვენეებმა („ვოქსი“) მიღებული ხმების რაოდენობა გააორმაგეს. რაც შეეხება სოციალისტებს, მათ ამ ავტონომიაში ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირეს, რაც კი ოდესმე ჰქონიათ.
ესტრემადურას არჩევნებით ესპანეთში ახალი საარჩევნო ციკლი დაიწყო. მას 2026 წლის თებერვალში მოჰყვება ავტონომიური არჩევნები არაგონში, მარტში – კასტილია და ლეონში, ხოლო ივნისში – ანდალუსიაში; მუნიციპალური და რეგიონული არჩევნები რეგიონების უმეტესობაში 2027 წლის მაისში გაიმართება, ბოლოს კი, იმავე წლის ივლისში, ეროვნული საკანონმდებლო არჩევნები ჩატარდება.
ამ საარჩევნო მარცხს რომ თავი დავანებოთ, ესპანეთის მთავრობა, თავად სანჩესი და სოციალისტური პარტია ისედაც კრიზისის პირობებში იმყოფებიან. პარტიის ლიდერები, მათ შორის ყოფილი მინისტრი, და პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები კორუფციულ საქმეებში, ასევე სექსუალური შევიწროების ბრალდებებში ფიგურირებენ.
გასულ კვირას, მემარცხენე პარტია „სომარმა“, რომელიც სოციალისტების მიერ მართულ კოალიციურ მთავრობაში შედის, პრემიერ-მინისტრს აღმასრულებელი ხელისუფლების „რადიკალური, ძირეული გადახალისებისკენ“ მოუწოდა და „მდგომარეობის გაუარესებასა“ და „ძალიან რთულ ვითარებაზე“ ისაუბრა.
„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“, – განაცხადა შრომის მინისტრმა და „სომარის“ ლიდერმა, იოლანდა დიასმა.
პედრო სანჩესმა, რომელმაც ბოლო თვეებში რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში ყოფილ სოციალისტ ლიდერებთან დაკავშირებული კორუფციული საქმეების გამო და სექსუალური შევიწროების საჩივრების განხილვის დროს დაშვებული შეცდომები აღიარა, კოალიციური პარტნიორის მოთხოვნის გათვალისწინებაზე უარი თქვა და მხოლოდ ერთი მინისტრის შეცვლით შემოიფარგლა.




