„ესკიზი შეთანხმებულია“ – როგორი იქნება რუსთაველზე თამაზ გაიაშვილის 194-ნომრიანი სასტუმრო

თბილისში, ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობაში თითქმის 15 წელია ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილს სასტუმროს გახსნა სურს, თუმცა პროექტის განხორციელება სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ გადაიდო. როგორც ბიზნესმენი „კომერსანტთან“ ამბობდა, ბიუროკრატიული პრობლემების და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის ირგვლივ სხვადასხვა საკითხების შეთანხმების გარდა, სასტუმროს გახსნა პანდემიამაც შეაფერხა.
არქიტექტურის ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის ს მფლობელობაში მყოფმა კომპანია „მარილი 2020“-მა კულტურული მემკვიდრეობის (ყოფ. კავშირგაბმულობის სახლის) უკან მდებარე ხუთსართულიანი შენობის დემონტაჟი უკვე დაასრულა და რამდენიმე დღის წინ ესკიზიც შეათანხმა.
პროექტის მიხედვით, რუსთაველის 12-ში 3493 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე, 10 სართულიანი (3 სართული მიწისქვეშ), 194 ნომრიანი სასტუმროს აშენება იგეგმება, რომლის საინვესტიციო ღირებულება, ბოლო ინფორმაციით 80 მლნ დოლარია.
ესკიზის განმარტებით ბარათში კი ვკითხულობთ, რომ შენობაში სასტუმროს გარდა განთავსდება კაზინო და სავაჭრო ფუნქციის ფართები.
„ესკიზის ძირითადი კონცეფციაა პირვანდელი ფრაგმენტების აღდგენაა საპროექტო გადაწყვეტით შენობის არსებული სიმაღლის ნიშნული რჩება უცვლელი ასევე აღსანიშნავია, რომ ძირითადი ფასადების გაბარიტები დაუბრუნდება პირვანდელ სახეს. ხოლო შიდა ეზოს მხრიდან მომატებული ტანი შენობას შეკრავს კვადრატული ფორმით და შუაგულში შეიქმნება წრიული ფორმის ეზო. ვიზუალური თვალსაზრისით შენარჩუნებული იქნება შენობის მოსაპირკეთებელი მასალები, შეიცვლება კარ-ფანჯრების მასალები.
არქიტექტურული თვალსაზრისით საპროექტო შენობა წარმოადგენს 10 სართულიან ნაგებობას აქედან 3 სართული იქნება მიწის ქვეშ სადაც მოეწყობა საპარკინგე სივრცე (2 სართულზე) და კაზინო. 0.00 ნიშნულზე მოეწყობა კომერციული სავაჭრო ფუნქციის ფართები ხოლო +2.70 ნიშნულზე მოეწყობა სასტუმრო ფოიე და შესასვლელები. ამავე ნიშნულზე აიწევს ეზოს (გრუნტის) სიმაღლე სხვა დანარჩენ ნიშნულებზე მოეწყობა სასტუმროს ნომრები (დაახლოებით 194 ნომერი)“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
არსებული ინფორმაციით, რუსთაველის 12-ში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Four Seasons Hotel Georgia-ი გაიხსნება.