არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა საკვირაო ქადაგებისას სამთავრობო პროპაგანდაზე ისაუბრა.
„ჭეშმარიტება, სიმართლე არის ღმერთი. და როდესაც ჩვენ ჩვენს თავში ჭეშმარიტებას ვუშვებთ, მაშინ ჩვენ ჭეშმარიტების ტაძარი, ჭეშმარიტების სამკვიდრებელი ვხდებით. ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას არ ეძებენ, რომლებსაც პროპაგანდისტები ჰქვიათ, ნებისმიერ სიტყვას დაჭრიან და ტელევიზიაში ისე გაუშვებენ, როგორც თვითონ უნდათ. ეს ადამიანები არ ეძებენ ჭეშმარიტებას და ვერასოდეს ვერ გახდებიან ჭეშმარიტების ტაძარი. ღვთის ტაძარი ვერ გახდებიან, მაშინ ვისი ტაძარი არიან? — სიცრუის, ეშმაკის. პირდაპირი გაგებით ეშმაკი მკვიდრობს მათში, ვინც ადამიანებს ატყუებს, ვინც ერს ატყებს და რაღაც მოჩვენებით საშიშროებებს უქმნის – „დიფ სთეითებს“, ომის პარტიებს… მატყუარები არიან“, — განაცხადა არქიმანდრიტმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა საზოგადოებასთან ურთიერთობა, ე.ი. პოლიტიკის კეთება.
„მსოფლიოში როგორი გლობალური მოვლენები ხდება და ესენი დადიან აქ ღელე-ღელე, და ქუჩაში ბავშვებს იჭერენ, ბავშვებს დასდევენ. პოლიტიკა არის საზოგადოებრივი ურთიერთობა, და ჩვენმა ქვეყანამ, მთავრობამ მსოფლიო საზოგადოებასთან შეწყვიტა ურთიერთობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ესენი პოლიტიკოსები არ არიან. ესენი ქვეყნის გადამრჩენები არ არიან და ქმნიან რაღაც საშიშროებებს, ქმნიან რაღაც პროპაგანდას, და თვითონ ხდებიან ამ პროპაგანდის მსხვერპლი, თვითონ იჯერებენ და ხალხს აშინებენ“, — განაცხადა არქიმანდრიტმა.
„ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიაა, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელიც ცდილობს, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გაახსნევინოს.
ცოტა ხნის წინ, „ოცნების“ ლიდერებმა შეწყვიტეს ამ ტერმინის (გლობალური ომის პარტია) გამოყენება და ის Deep State-ით ჩაანაცვლეს, რათა თანხვედრაში მოსულიყვნენ ტრამპის განცხადებებთან. ზოგადად „დიფ სთეითით” უფრო გლობალური კონსპირაციის თეორიაა და აღნიშნავს ჩრდილოვანი მმართველობის სისტემას, რომელშიც არაოფიციალური პირები სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
