„ესენი დღეს ისევ ხელისუფლებაში რომ არიან, იმის დამსახურებაა, რომ ამ საზოგადოებრივ პროტესტს თან არ ახლავს შესაბამისი პოლიტიკური პროტესტი“ – გიორგი თავდგირიძე
ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ფარის“ დამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე.
– ბატონო გიორგი, მოდით, ამ სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მიერ ხალხის უმოწყალოს ცემით დავიწყოთ. 350 კაცზე მეტია ნაცემი და არც ერთი პოლიციელი დასჯილი. აქვე „ზონდერებიც“ გავიხსენოთ, რომელებიც სცემენ ხალხს და პოლიცია მათ შიშით ხმას ვერ სცემს. სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს განუკითხაობა?
– ამ ყველაფერში, ამ მართლა განუკითხაობაში, პირველ რიგში პასუხისმგებლობა დე ფაქტო ხელისუფლებას ეკისრება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, სრულად აკონტროლებს სახელმწიფო სტრუქურებს და მათ შორის, სამართალდამცავებს. შესაბამისად ამ პროცესის შეჩერებაც და დამნაშავეების დასჯაც მისი პრეროგატივაა. თუმცა, ვის დასჯიან, როდესაც თავად ახალისებენ პოლიციელებსაც, სპეცრაზმელებსაც და „ზონდერებსაც“, რომლებიც სამართალდამცავ უწყებებში არ მუშაობენ. პოლიტიკურ ბრძოლაში, პროტესტანტი ხალხის წინააღმდეგ, „ქართული ოცნება“ იყენებს ისეთ მეთოდებს, რომლებიც სახიფათოა ქვეყნისთვის. ყველამ ვიცით, რომ ეს აქციები თვითორგანიზებულია, პოლიტიკური ძალები მასთან კავშირში არ არიან. პროტესტანტი ადამიანის ემოციების გაკონტროლება ძნელია, მით უფრო, თუ მას რამდენიმე დღის განმავლობაში სცემ, თან მხუთავ აირს, წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის მიუშვებ, მერე დაიჭერ და აჯარიმებ არაფრის გამო, მხოლოდ აქციაში მონაწილეობისთვის. ქუჩაში ნაცემს ცალკე დაკავებისას სცემენ და ასეთი უამრავია. გამოსავალი ის არის, რომ სწრაფად დავასრულოთ ეს ძალადობრივი პროცესი.
– როგორ უნდა დავასრულოთ?
–ამ დე ფაქტო ხელისუფლებას არ გააჩნია ხალხის მხრდაჭერა, ნელ–ნელა მისი მომხრეებიც ემიჯნებიან. ჩვენ ვიცით გერმანული, იტალიური, ესპანური ფაშიზმი და ეს რეჟიმები ხალხის მხარდაჭრაზე იდგა. ბიძინა ივანიშვილის ფაშისტურ რეჟიმს ხალხი არ უჭერს მხარს. „ქართული ოცნება“ ეს არის ადამიანთა მცირე ჯგუფი, ერთგვარი კორპორაცია, რომელიც იბრძვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რადგან მის გარეშე ბევრი აქვთ დასაკარგი. პირველ რიგში კომფორტი სახელმწიფოს ხარჯზე, ის ფული და ქონება, რომელიც მოიპარეს ბიუჯეტიდან, კაპიკებად ჩაიგდეს ხელში და არ ეთმობათ. ეს ხელისუფლება აუცილებლად ჩამოიშლება საშინაო პროტესტისა და საგარეო ზეწოლის, სანქციებისა და სხვა მექანიზმების გამოყენებით.ესენი დღეს ისევ ხელისუფლებაში რომ არიან, იმის დამსახურებაა, რომ ამ საზოგადოებრივ პროტესტს თან არ ახლავს შესაბამისი პოლიტიკური პროტესტი. უნდა არსებობდეს პოლიტიკური ცენტრი, რომელიც მიიღებდა გადაწყვტილებებს ხალხის სახელით. ეს არის მნიშვნელოვანი და ეს უნდა მოხდეს, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენც, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ფარი“, მონაწილეობას ვიღებთ ამ პროცესში და ვცდილობთ, ჩვენი გამოცდილებით, ენერგიით მოვახერხოთ ძლიერი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება.
– რა სახის მუშაობა მიდის, რომ ძლიერი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალობდეს და ვისთან გაქვთ კონსულტაციები?
–პოლიტიკური ველიდან უნდა გავიდნენ ის დაქსაქსული პოლიტიკური ძალები, რომელთაც წლებია ვერაფერი მოუხერხეს „ქართულ ოცნებას“, სათანადო ოპონირება ვერ გაუწიეს და ხალხს პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა დაუკარგეს, ხალხი ნიჰილიზმში ჩააგდეს. თუ მოახერხებენ ეს პოლიტიკური ძალები ტრანსფორმაციას, სუფთა წესებით თამაშს და ხალხისთვის რაღაც ახლის შეთავაზებას, შესაძლოა, დარჩნენ პოლიტიკაში, მოიპოვონ ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მათთან ერთად გვინდა შევქმნათ წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შეავსებს იმ ვაკუუმს, რომელიც ხელისუფლების ჩამოშლის შედეგად გაჩნდება. ჩვენ პრეტენზია არ გვექნება ქვეყნის მართვაზე, მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს გავაკონტროლებთ. არც ეკონომიკურ, არ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს არ მიიიღებს ეს ორგანო. გააკონტროლებს პოლიტიკურ პროცესებს, „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოაშოროს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას და მიაღწიოს არჩევნების დანიშვნას. ოღონდ, ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა არ უნდა დანიშნოს, მას ამას არავინ კითხავს. რაც მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი იქნება, მით უკეთესი. თითო ორგანიზაციიდან თითო ადამიანი და ეს იქნება ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო. ცხადია, არჩევნების შემდეგ დაიშლება.
– ეგრე იოლად ჩამოშორდება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას?
– რატომ იოლად? რამხელა ბრძოლაა გარეთ და რამდენხნიანი? „ქართული ოცნება“ ისეთ მდგომარეობაში ჩავარდება, რომ მას არავინ არაფერს შეეკითხება. გაკოტრებულმა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გამოაცხადოს კაპიტულაცია, ძველმა პარლამენტმა უნდა დანიშნოს არჩევნები და მხოლოდ ეს უნდა გააკეთოს, მეტი არაფერი. ძველმა მთავრობამ დროებით უნდა შეასრულოს ტექნიკური მთავრობის მოვალეობა. მერე დაიწყება სხვა პროცესები, რომელიც მიგვიყვანს სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე.
– ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები? გაერომ ან ევროკავშირმა, როგორც ზოგი მოითხოვს ან მინიმუმ მათი კონტროლით?
– არჩევნები უნდა ჩაატაროს ცსკო–მ, რომელიც ხელახლა დაკომპლექტდება ობიექტურად, სამართლიანად. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ შევთანხმდეთ ერთმანეთში, ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები. უცხოეთიდან მხოლოდ ტექნიკური დახმარება დაგვჭირდება. 1990 წელს, საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, კომუნისტური საარჩევნო კოდექსით, საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, სადაც გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა ზვიად გამსახურდიას მეთაურობით და საკმაოდ იოლად შევძელით კომუნისტური მმართველობიდან დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლა, დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება. ასეთი უნიკალური გამოცდილება როდესაც გვაქვს, ვფიქრობ, არ გაგვიჭირდება სამართლიანი არჩევნების ჩატარება და არც სხვისი დახმარება დაგვჭირდება საარჩევნო პროცესში.
–„ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რომელიც უკვე ხელისუფლებას იქნება ჩამოცილებული?
– ვიდრე დემოკრატიული პროცესები აღდგება, ვიდრე არჩეული ხელისუფლება გვეყოლება, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს დანაშალებებს დაუმტკიცებს, ვფიქრობ, მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, თუ სურვილი ექნებათ. თუ ბიუჯეტზე ხელი აღარ მოუწვდებათ, ცსკო იქნება სამართლიანად დაკომპექტებული, სახელისუფლებო რესურსს ვეღარ გამოიყენებენ და ვერც ზეწოლას მოახდენენ საჯარო სამსახურში დასაქმებულ თუ სხვა ადამიანებზე, მიიღონ მონაწილეობა. თუმცა, ვნახოთ, რა მოხდება ახლო მომავალში. რეჟიმმა შესაძლოა, ისეთი საშინელებები ჩაიდინოს კიდევ, რომ საზოგადოების წარმომადგენლობითმა ორგანომ აუკრძალოს არჩევნებში მონაწილეობა. მათ უნდა იცოდნენ, რომ „ოცნების“ კოლაბორაციონისტული საქმიანობა გამოძიებულ იქნება და დამნაშავენი დაისჯებიან.
– გამორიცხავთ, რომ სანქციების შიშით, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას ემუქრებათ, თავად დანიშნონ არჩევნები ხელისუფლებიდან ჩამოშორების გარეშე და თავადვე ჩაატარონ, გარკვეული კომპრომისებით?
– როგორ მოიქცევა „ოცნება“ და რას გააკეთებს, მე ამის მკითხაობას არ დავიწყებ.ჩვენ ჩვენს გეგმას მივყვებით, რომ ვაიძულოთ, ჩამოშორდნენ ხელისუფლებას და მერე დანიშნონ არჩევნები. „ქართულ ოცნებას“ არჩევნებს არ ჩავატარებინებთ, ეს არის ქართველი ხალხის ნება და ყველაფერს გავაკეთებთ ამის მისაღწევად.არჩევნებს ჩაატარებს ქართველი ხალხი. თითქმის 2 თვეა ქუჩაშია ხალხი, რა აღარ გადაიტანეს, ციხეები გაავსეს უკანონი პატიმრებით და ეს ხალხი დაუშვებს, რომ არჩევნები „ოცნებამ“ ჩაატაროს? გამორიცხულია.
–სალომე ზურაბიშვილზე რას იტყვით? ზოგი როგორც მომავალ პრემიერ–მინისტრს, ისე უყურებს მას.
– სალომე ზურაბიშვილი რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან დაწყვილდება, ან საკუთარ პარტიას შექმნის და ისე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა, ჯერ ეს ვარაუდია. წესით, მალე უნდა გამოიკვეთოს მისი პოლიტიკური გეგმები. მადლობის მეტი მისთვის არაფერი მაქვს სათქმელი, ხალხის გვერდით დგას და ისე იქცევა, როგორც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი უნდა იქცეოდეს.
–დონალდ ტრამპის იმედად იყო ივანიშვილი. ტრამპის ინაუგურაციაც უკვე იყო და როგორ ფიქრობთ, ამერიკის ახალი პრეზიდენტი და ხელისუფლება, მის სასიკეთოდ რაიმეს გააკეთებენ?
–ეგ ბიძინა ივანიშვილის სადარდებელია. ვფიქრობ, ის ამერიკისგან მორიგ სანქციებს უნდა ელოდოს და არა „მაშველ რგოლს“. მტერი გაძლიერდა ისე, ახლა რომ ივანიშვილი გაძლიერდება ვინმეს დახმარებით. ის დაღმართზე დაგორებული ქვასავით არის. ივანიშვილი უკვე აღარავის აინტერესებს, რუსეთსაც კი და მისი ადგილი ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ არის.