„ბიზნესში „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკაზე ყველა ფიქრობს და საუბრობს, მათ შორის ისინიც, ვისაც ცუდი ფინანსური პარამეტრები არ აქვს“ – ასე აღწერა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას საკონსულტაციო კომპანია ACT GLOBAL-ის თანადამფუძენებლმა თინათინ რუხაძემ პოლიტიკური კრიზისის გამო, კერძო სექტორში არსებული განწყობა და ქცევები. „ახლა რასაც ვუყურებ, ეს არის ჩუმი კრიზისი… ვფიქრობ, ის გადარჩება [ბიზნესში], ვინც ახლავე მიხვდება, რომ უნდა გადაეწყოს“ – აღნიშნა გამოცდილმა ბიზნესკონსულტანტმა.
– მიმდინარე წლის დასაწყისში, #წერტილთან ინტერვიუში ივარაუდეთ, რომ „ბიზნესების უმრავლესობა გადავიდოდა “ქამრების შემოჭერის“ სტრატეგიაზე, რაც გულისხმობს ნაკლებ ახალ ინვესტიციას, ნაკლები რესურსის დახარჯვას ახალი თანამშრომლების მოზიდვაზე და ა.შ. ACT-ის კლიენტების და პარტნიორების მაგალითზე მოგვიყევით, რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები და როგორი იყო წლის პირველი ნახევარი ბიზნესისთვის?
– საინტერესოა, რომ ოფიციალური მაკროეკონომიკური მონაცემები და ის, რასაც ვაკვირდებით საველე პირობებში, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან; ამას თავისი ახსნაც აქვს, თუმცა პროგნოზი, რომელიც წლის დასაწყისში მქონდა, ნამდვილად სახეზეა. „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკაზე ყველა ფიქრობს გაცხადებულად თუ არააფიშირებულად; კომპანიების მენეჯმენტი თანამშრომლებთან საუბრობს ამ თემაზე და აღსანიშნავია, რომ ისინიც, კი ვისაც ცუდი ფინანსური პარამეტრები არ აქვს. თქვენ იცით, რომ ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წარსული ან მიმდინარე მდგომარეობა, არამედ მომავლის ოპტიმიზმი; პესიმიზმი და გაურკვევლობა, არცერთ ქვეყანაში არცერთ ბიზნესს არ არგებს. მე ვერ ვიტყოდი, რომ ახლა ჩიხური კრიზისია ბიზნესებში, რომ ვერ სუნთქავენ ან ძალიან დიდი ვარდნა აქვთ… დიახ, არის სფეროები, სადაც მეტი პრობლემაა, მაგრამ ყველა სფეროს ეს არ ეხება. მეტიც არის სფეროები, რომელიც გაიზარდა, თუმცა კონკრეტული კომპანიების მდგომარეობა კონფიდენციალური ინფორმაციაა და გამჟღავნება არ შემიძლია. მოკლედ, ნამდვილად არსებობს სფეროები, რომლებიც წინ მიდის, მაგრამ არის სფეროები, რომელთაც [პოლიტიკური კრიზისი] სერიოზულად დაეტყო. მაგალითად, ტურიზმს… მიუხედავად ამისა, რომელ კონდიციაში არ უნდა იყოს დღეს ბიზნესი, მომავლის მიმართ ღელვა ყველგან ფიქსირდება. ვფიქრობ, ეს ჯაჭვური პრინციპით იმოქმედებს, რადგან თუ მომხმარებლის სენტიმენტი ნეგატიურია ანუ თუ მომხმარებელი იწყებს ფულის დაზოგვას – შეამცირა რესტორანში სიარული, გადაავადა უძრავი ქონების შეძენის გადაწყვეტილება, დაფიქრდა ახალი ავტომობილის ყიდვაზე და ძირითადად, მხოლოდ საკვებს და აუცილებელ პროდუქტებს ყიდულობს – ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ბიზნესზე და არა მხოლოდ ერთ ან ორ სფეროში… რას ვგულისხმობ – მაგალითად, თუ ბინას არ ვიყიდი, ის არა მხოლოდ სამშენებლო კომპანიის პრობლემაა, არამედ შეეხება სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი კომპანიების შემოსავალს და ა.შ. ამდენად, ეკონომიკა მთელი ჯაჭვია და ის, რომ სენტიმენტი ნეგატიურია და არის განწყობა მომავლის არცოდნის შიშის და ღელვის, [ეს ყველას შეეხება]. მე რომ მკითხო, კიდევ გვშველის ბუნებრივი ოპტიმიზმი, რადგან 23 წლისაა ჩვენი კომპანია და იუმორით ხშირად მითქვამს, რომ ილიას პრინციპით ხშირად მოქმედებენ ბიზნესები – „აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია“…
– მომავლის არცოდნის შიშის მთავარი მიზეზი პოლიტიკური კრიზისი და ის რეალობაა, რაშიც ქვეყანა 2024 წლის ნოემბრიდან არის?
– ორი ფაქტორია – როგორც შიდა [პოლიტიკა], ისე – საგარეო… ასეთი ტურბულენტური პერიოდი არ მახსენდება. როგორც არ უნდა იქნეს აღქმული, ნებისმიერი თამაშის წესი, რომელიც დეკლარირებული და ნათელია, ბიზნესს მაინც აძლევს ამ გარემოსთან მორგების და ნავიგაციის შესაძლებლობას, მაგრამ როდესაც არ იცი, რისთვის დაისჯები; არ იცი, რა მოხდება; არ იცი, ხვალ რა ძალა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები, ვის დაიჭერენ და ა.შ. ეს ძალიან რთულია გარემოება… ამ ყველაფერს კი, ემატება გარე ფაქტორები. შიდა ფაქტორებზე ასევე დავამატებდი, რომ მიმდინარე პროცესები ადამიანების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე სერიოზულად მოქმედებს – როგორც პირველი პირების, რომელთაც ასმაგი დატვირთვა გვაქვს – ჩვენ ხალხს უნდა მივცეთ ენერგია, ასევე – თანამშრომლების… იცით, ვისაც არ ვეხები და ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება ტრენინგების თუ სტრატეგიული მენეჯმენტის ვორქშოპების ფორმატში, ყველასთან დაძაბულობაა. ბოლო პერიოდში, ჩემ გარშემო კარგად მყოფი ადამიანი არ მინახავს…
– „მოკლევადიანი გეგმებით იარეთ“ – 2024 წელს, როდესაც მხოლოდ „რუსული კანონი“ იყო ქვეყნის გამოწვევა, ამ რჩევას აძლევდით ბიზნესებს. დღეს რას ურჩევდით?
– გუშინ ერთ-ერთ კლიენტთან გავაჟღერე ასეთი რეკომენდაცია და გავიმეორებ – მაგალითად, covid-ის დროს ძალიან ნათელი და გამოხატული იყო კრიზისის მასშტაბი. ყველამ ვიცოდით, რომ ისეთი უძლეველი პრობლემა იყო, რომელიც აუცილებლად დაარტყამდა ბიზნესს, ჩვენს კეთილდღეობას და შესაბამისად, ბიზნესების ძალიან დიდი ნაწილი შოკში კი ჩავარდა, მაგრამ მოუწიათ, სწრაფად გამოსულიყვნენ შოკიდან, გადაწყობილიყვნენ და სწრაფადვე დაეწყოთ კრიზისის მართვაზე კონცენტრაცია. ახლა რასაც ვუყურებ, ეს არის ჩუმი კრიზისი, რადგან დაგროვებითი ეფექტი აქვს ანუ ძლიერი დარტყმა არ არის – როგორიც მაგალითად, ომი ან გლობალური ეკონომიკური კრიზისია, რომელიც შენც გადმოგეცემა. თითქოს არ არის გამოხატული ნიშანი, რომ ჩამოვიქცევით და ცუდად არის ყველაფერი, მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ნეგატიური პარამეტრები მოდის, ამიტომ ბიზნესებს პრეკრიზისულ დაგეგმარებას აუცილებლად ვურჩევდი. მესმის, ძალიან რთულია თანამშრომლებისთვის ასახსნელად, როცა კრიზისი არაა და რომ თითქოს მხოლოდ პოლიტიკაშია პრობლემები, მაგრამ სინამდვილეში, ვფიქრობ, ის გადარჩება, ვინც ახლავე მიხვდება, რომ უნდა გადაეწყოს, სახელი დაარქვას [რეალობას] და თქვას, რომ ამისთვის უნდა მოვემზადოთ, რადგან უფრო რთული დრო წინ იქნება.
– ჩუმი კრიზისი უფრო საშიშია ვიდრე მკვეთრი?
– დიახ. მტერი, რომელიც წინ დგას, უფრო მარტივი მოსაგერიებელია, ვიდრე ის, რომელიც უკნიდან გეპარება. აქაც იგივეა. თუ შენ ოპტიმიზმში რჩები და ფიქრობ, რომ „იქნებ ერთი თვის ან ერთი კვარტალის პრობლემაა“ ან რადგან სხვები ხმამაღლა არ საუბრობენ, რომ ცუდადაა სიტუაცია და გგონია, რომ „იქნებ მე ვერ გავართვი სწორად თავი და იქნებ ეს მარტო ჩემს ბიზნესშია“… გეტყვით, რომ ბევრ კომპანიასთან მაქვს შეხება და მსგავსი ფიქრები და მოსაზრებები ძალიან ბევრისგან მსმენია. ბევრი კომპანიის სტრატეგიაზე ვმუშაობ და გამიჩნდა შეგრძნება, რომ ბიზნესმენები ფრთხილი ოპტიმიზმით მაინც აგრძელებენ მუშაობას, თუმცა ვფიქრობ, დროა, უარესისთვის მოემზადონ.
– რა უტოვებს ბიზნესს ფრთხილ ოპტიმიზმს?
– ის, რომ არაა რადიკალური ვარდნა.