ვლადიმირ პუტინი საუდის არაბეთის დედაქალაქში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრის შედეგებს “უმაღლესი შეფასება” მისცა.
“ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს უმაღლეს შეფასებას ვაძლევ”. – თქვარუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ დიპლომატების გაძევებას კარგი არაფერი მოაქვს, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა დაწყებულია.
რუსეთს პრეზიდენტმა მოლაპარაკებებში ევროპისა და უკრაინის ჩართულობის საკითხზე კითხვას ასე უპასუხა:
“რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგს შუამავლები არ სჭირდება. ამერიკის მხრიდან მოლაპარაკებებზე სულ სხვა ადამიანები იყვნენ”.
ერ-რიადში გამართული შეხვედრის მთავარ მიზნად პუტინმა ორ ქვეყანას შორის ნდობის გაზრდა დაასახელა.
“რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას.
რუსეთს არასდროს უთქვამს უარი ევროპასთან და უკრაინასთან დიალოგზე. ევროპელებმა თავად შეწყვიტეს მოსკოვთან კონტაქტი, ხოლო კიევმა საერთოდ აკრძალა რუსეთთან მოლაპარაკებები”. – თქვა პუტინმა.
პუტინმა მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთს შეხვედრის მასპინძლობისთვის. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ “დიდი სიამოვნებით” შეხვდება დონალდ ტრამპს, რომელსაც ნამდვილად სურს ომის მალე დასრულება.
“ტრამპმა პირობა დადო, რომ უკრაინულ კრიზისს მალე გადაჭრიდა, თუმცა შესაბამის მონაცემებთან გაცნობის შემდეგ, შეცვალა თავისი პოზიცია, რაც ბუნებრივია”. – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
tabula.ge
