ეროვნულ მუზეუმში დავით ხახუტაიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ინიციატივით, დიდი მეცნიერის, ისტორიკოსის, არქეოლოგის, დავით ხახუტაიშვილის (1924-1999), დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი , სამუზეუმო და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, დავით ხახუტაიშვილის ოჯახის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საზეიმო ღონისძიების მიმდინარეობისას გაიმართა დავით ხახუტაიშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული სამეცნიერო კატალოგის, „უფლისციხის“, პრეზენტაციაც. საზოგადოებამ მოისმინა ერმინე მაღრაძის მოხსენება – „ძვ. წ. IV-III საუკუნეების საოქრომჭედლო ხელსაწყო უფლისციხის ნაქალაქარიდან“ და ნახა ამ ნივთის შესახებ ჩატარებული ცდის ამსახველი ფილმი. გაიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის საგამოფენო დარბაზში არსებული არქეოლოგიური არტეფაქტების გამოფენის შეცვლის პროცესის ამსახველი ფილმის ჩვენებაც.
“დავით ხახუტაიშვილი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა თავის სფეროს და სამეცნიერო საქმიანობაში გზა გაუკვალა არაერთ პროფესიონალს. 1954-95 წლებში იგი იყო ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1977 წელს – არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე და განყოფილების გამგე, 1978-1999 წლებში – ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. დავით ხახუტაიშვილი 1949 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს არქეოლოგიურ ექსპედიციებში. 1967 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „უფლისციხე და იბერიის ისტორიის საკითხები“. გამოაქვეყნა 120 სამეცნიერო წერილი და გამოსცა 10-ამდე წიგნი. მის მიერ გამოცემულმა ნაშრომებმა ბევრ მკვლევარს საშუალება მისცა, სხვა თვალით დაენახათ უფლისციხე და წამოეჭრათ ახალი საკვლევი საკითხები.
დავით ხახუტაიშვილი დაჯილდოებული იყო ღირსებისა და საპატიო ნიშნის ორდენებით, იყო ბათუმის საპატიო მოქალაქე.
გარდა ცნობილი მეცნიერის ღვაწლის წარმოჩენისა, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში გამართული ღონისძიების მიზანი იყო უფლისციხის, როგორც კლდეში ნაკვეთი ქალაქის პოპულარიზაცია და ამ უძველესი ძეგლით ტურისტების დაინტერესება, შიდა ქართლის რეგიონის არქეოლოგიური და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, სამეცნიერო კვლევებისადმი ახალგაზრდების ინტერესის გაზრდა.
ცნობითვის, უფლისციხე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლდეში ნაკვეთი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლია, რომელიც თარიღდება ადრეული რკინის ხანიდან (ძვ. წ. X-IX სს.) გვიან შუა საუკუნეებამდე პერიოდით. 1957 წელს ისტორიის ინსტიტუტისა და ძეგლთა დაცვის სამმართველოს ინიციატივით უფლისციხესა და მის შემოგარენში ჩატარდა პირველი არქეოლოგიური სადაზვერვო ექსპედიცია. ამ წლიდან დაიწყო უფლისციხის საფუძვლიანი შესწავლის მესამე ეტაპი. 1958 წელს შალვა ამირანაშვილის ძალისხმევით გაგრძელებული არქეოლოგიური ექსპედიციების საველე სამუშაოების ხელმძღვანელი იყო სწორედ დავით ხახუტაიშვილი. 1957-2004 წლებში უფლისციხესა და მის შემოგარენში (ყათლანიხევი, ბამბები, მუხების გორა, ლაშეთხევი, ჩანახას მიწა, ნასოფლარი უფლისციხე) არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი მასალა მოიცავს ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევრიდან ახ. წ. XIV საუკუნემდე პერიოდს. არტეფაქტები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურ ფონდში (უფლისციხის ფონდი). სწორედ აღნიშნული არტეფაქტების საფუძველზე მომზადდა და გამოიცა კატალოგი „უფლისციხე“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ