ეროვნულ გალერეაში კრისტიან დიორის ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მასშტაბური გამოფენა პირველად გაიხსნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის ორგანიზებით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ემიგრანტი ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მასშტაბურ გამოფენას პირველად მასპინძლობს.

გახსნის ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და გამოფენის მთავარი სპონსორის, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მემკვიდრეობა – მისი ნამუშევრები და პირადი არქივი, მხატვრის შთამომავლებთან მოლაპარაკებების შედეგად, 2022 წელს საქართველოს ხელოვნების სასახლეს გადაეცა. მუზეუმელთა ჯგუფმა გიორგი კალანდიას ხელმძღვანელობით, კოლექცია ბრეტანიდან, კერძოდ კი – საფრანგეთის სოფელ ლამპალუზ-პულუარზელიდან საქართველოში ჩამოიტანა. ხელოვნების სასახლეში დაბრუნებულ ნამუშევრებს შორისაა: 30-ზე მეტი ფერწერული ტილო, 300-ზე მეტი გრაფიკული ჩანახატი თუ ესკიზი (მიმართულებები: წიგნისა და თეატრის მხატვრობა, მოდის დიზაინი და სხვ.), 200-ზე მეტი საარქივო ფოტო.

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე მრავალი მიმართულებით მუშაობდა. იგი წლების განმავლობაში იყო სან-პაულოს თეატრის მხატვარი. მან XX საუკუნის 50-იან წლებში რამდენიმე ესკიზი შექმნა ფრანგული მოდის სახლ დიორისთვისაც. როგორც საარქივო დოკუმენტებში ვკითხულობთ, ის “საბალეტო დადგმებს ქმნიდა – წერდა სცენარებს, არჩევდა მუსიკას, ხატავდა დეკორაციებს, ქმნიდა კოსტიუმებსა და ტექნიკურ დეტალებს, რომლებიც სანახაობას მაყურებლისთვის დაუვიწყარს ხდიდა.”

1960-80-იან წლებში მისი გამოფენები იმართებოდა პარიზში, “XVI უბნის გალერეაში”, პარიზის სალონ “სოფიტელ გრუპ 36-ში”, საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებსა თუ ლუქსემბურგის ფრანგული კულტურის ცენტრში. ის ქმნიდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, ლოკრონანის ფესტივალზე გამართული წარმოდგენებისთვის და სხვა.
გამოფენაზე საექსპოზიციოდ გამოტანილია ხელოვანის შექმნილი თეატრისა და წიგნის მხატვრობა, გრაფიკა, კოლაჟები და აპლიკაციები, ესკიზები და საბავშვო მარიონეტები. კულტურის სამინისტროსთან ერთად პროექტის მხარდამჭერია “საქართველოს ბანკი.”

აღსანიშნავია, რომ, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, გამოიცა თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრების კატალოგიც.

დამთვალიერებელს გამოფენის ნახვა 16 დეკემბრის ჩათვლით შეუძლია.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, რომ ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონი ფიშერი გუშინ ისევ რუსთაველზე გამოჩნდა და რადიკალების მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე