ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება

23 მაისს, 19:00 საათზე, კომპანია კლასიკური მუსიკა – საქართველოს რეგიონებისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ქართული კლასიკური მუსიკის სერიების რიგით მეორე კონცერტი გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თამარ ლიჩელი (პიანისტი), თემურაზ გუგუშვილი (ტენორი), დავით ალადაშვილი (პიანისტი), ლიზი რამიშვილი (ჩელისტი), სახელმწიფო კამერული ორკესტრი ,,საქართველოს სინფონიეტა”.
პროგრამაშია ვ.აზარაშვილი – კონცერტი ჩელოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, გ.ყანჩელი – “პატარა დანელიადა”, ნ.ჯანჯღავა – “ზღვარი” ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (პირველი შესრულება), ვ.აზარაშვილის, დ.არაყიშვილის, ა.ბალანჩივაძის რომანსები (საორკესტრო ვერსიების ავტორი ა.გიორგობიანი).
ანალოგიური პროგრამით საღამოები 24 მაისს ქალაქ თელავში გადაინაცვლებს, სადაც თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში 15:00 საათზე რიგით მესამე კონცერტი ჩატარდება.
,,ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების” პირველი კონცერტი 15 მაისს თბილისში კონსერვატორიაში გაიმართა.
საკონცერტო სერიების მხარდამჭერია: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, პარტნიორები: ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.