21 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა ლიეტუველი ავტორების 100-ზე მეტი წიგნი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ბიბლიოთეკის ნებისმიერი მკითხველისთვის.
გადაცემულ წიგნებს შორის იქნება ლიეტუველი კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების ლიტერატურული ნაწარმოებები, პოეზია, სამეცნიერო, ფილოსოფიური, კულტურული, ისტორიული, გეოგრაფიული და საბავშვო ლიტერატურა, ზოგადი ლიეტუვური ენციკლოპედიის კატალოგი და ა.შ. წიგნები ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ლიეტუვურ, არამედ ინგლისურ და ქართულ ენებზე.
ღონისძიებაზე გაიმართება დისკუსია ლიეტუვიდან ჩამოსულ მწერლებსა და ადგილობრივ ქართველ მწერლებს შორის, ორი ქვეყნის თანამედროვე ლიტერატურული ტენდენციების შესახებ.
დისკუსიის მონაწილეებისთვის კითხვების დასმას შეძლებენ ღონისძიების სტუმრები – ლიეტუველი დიასპორა და ლიეტუვური კულტურით დაინტერესებული ქართველები.
ღონისძიება ჩატარდება ქართულ და ლიეტუვურ ენებზე.
დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
““ლიეტუველების და ქართველების მეგობრობის საელჩო” უკვე მესამე წელია ზედიზედ, ლიეტუვის ეროვნულ მარტინას მაჟვიდასის ბიბლიოთეკაში არსებულ ქართული ლიტერატურის ფონდს გადასცემს ქართველი მწერლების წიგნებს. ამჟამად ფონდი 300-ზე მეტ ქართულ წიგნს მოიცავს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოდან ლიეტუვაში მოწვეულნი იყვნენ ისეთი ცნობილი მწერლები, როგორებიცაა დათო ტურაშვილი და ლაშა ბუღაძე.
ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორია “ლიეტუველების და ქართველების მეგობრობის საელჩო” – არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ლიეტუველებისა და ქართველების დამეგობრებას და მათ შორის კულტურული კავშირების ჩამოყალიბებას. ორგანიზაციის მთავარი მისიაა ლიეტუველებსა და ქართველებს შორის მეგობრობის ხიდების შენება“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიების მთავარი პარტნიორები: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პროფ. ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი, ლიეტუველ გამომცემელთა ასოციაცია, ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს საელჩო ლიეტუვის რესპუბლიკაში.