ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო და დეკემბრის მდგომარეობით, ინფლაციის წლიურმა დონემ 4.0% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით, 0.2%-ით არის შემცირებული, – ამის შესახებ სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების საზომები მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით დაბალია.
„მაგალითად, საბაზო ინფლაცია, რომელიც სურსათის, ენერგორესურსების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს მთლიანი ინფლაციიდან, დეკემბრის მდგომარეობით დაახლოებით 1.6% არის. ასევე, მომსახურების ინფლაცია, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, კვლავ 3%-იან მაჩვენებლის ქვემოთ არის და 2.5%-ს შეადგენს”, – განაცხადა სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი აქვეყნებს მაკროეკონომიკურ პროგნოზების სცენარებს და ცენტრალური პროგნოზი, რაც არის მთავარი ორიენტირი გადაწყვეტილებების მიღებისას, ცენტრალური სცენარის მიხედვით, ინფლაციას ეტაპობრივად ნორმალიზება უნდა დაეწყო წლის ბოლოდან.
„ჩვენი მოლოდინით 2026 წელს საშუალოდ ინფლაცია 3.5% იქნება”, – აღნიშნა თამთა სოფრომაძემ, რომლის კომენტარსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს.




