ეროვნულმა ბანკმა „ჰეშ ბანკის“ სალიცენზიო პირობები შეცვალა და მას საბანკო საქმიანობის დაწყების უფლება მისცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული „ჰეშ ბანკის“ სალიცენზიო პირობებში ცვლილებები შეიტანა – ამის შესახებ განკარგულება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.
ეროვნულმა ბანკმა “ჰეშ ბანკზე” ლიცენზია 2023 წლის 3 ნოემბერს გასცა, მაშინ ბანკს მიეცა 7 თვიანი პერიოდი სატესტო რეჟიმში ოპერირებისთვის, თუმცა სებ-ის 29 მაისის განკარგულებით ბანკის სატესტო ოპერირების პერიოდი კიდევ 10 თვით გახანგრძლივდა, მაგრამ 25 სექტემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით, „ჰეშ ბანკს“ უფლება მიეცა დაიწყოს საბანკო მომსახურების მიწოდება.
„სს „ჰეშ ბანკისთვის“ (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 ნოემბრის №260 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2024 წლის 20 სექტემბრიდან 6 (ექვსი) თვის და 10 (ათი) დღის მანძილზე სს „ჰეშ ბანკმა“ რეალურ გარემოში განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობები ან/და მათთან დაკავშირებული მომსახურებები საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით,“- ნათქვამია სებ-ის განკარგულებაში.
„ჰეშ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს ლაშა პაპაშვილი იკავებს. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ბანკის აქტივები 13 მლნ ლარს, ვალდებულებები 216 816 ლარს, ხოლო სააქციო კაპიტალი 16.6 მლნ ლარს შეადგენს.