საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ფინანსური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ – ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს.
„კვლევა საქართველოში სოფლის მეურნეობის ბაზრის მიმოხილვას, სექტორის საკრედიტო პორტფელის ანალიზსა და მსესხებლების გადახდისუნარიანობის შეფასებას მოიცავს და მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ბიზნესგარემოსა და ფინანსური მაჩვენებლების შეფასებას.
დოკუმენტში განხილულია მიმდინარე ტენდენციები საქართველოსა და მსოფლიოში. ასევე წარმოდგენილია სექტორში დასაქამებული კომპანიების ფინანსური კოეფიციენტები და საკრედიტო პორტფელის მახასიათებლები. მათ შორის ,პორტფელის გადანაწილება ვალუტის, სეგმენტის და საკრედიტო რისკის დონის მიხედვით. კვლევის შედეგები ასახავს სექტორის სტაბილურობის შეფასებისთვის მნიშვნელოვან მიგნებებს და მიუთითებს იმ საფრთხეებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ისე პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის.
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორი ხასიათდება დაკრედიტების სტაბილური ზრდით, ლარიზაციის მაღალი დონითა და დაბალი კონცენტრაციით, რაც ამყარებს სექტორის ფინანსურ მდგრადობას. მსესხებლების გადახდისუნარიანობის ანალიზი ასევე ადასტურებს სოფლის მეურნეობის მდგრადობასა და ზრდის პოტენციალს, რაც უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაინტერესებულმა მხარეებმა იმსჯელეს კვლევის შედეგებზე, ასევე სექტორის საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებზე.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა უკვე გამოაქვეყნა ალკოჰოლური სასმელების, სამშენებლო მასალების, ენერგეტიკის, უძრავი ქონების დეველოპმენტის, ტურიზმისა და სასტუმრო სექტორების კვლევები. ეროვნული ბანკი განაგრძობს სექტორული კვლევების ჩატარებას და საზოგადოებისთვის გაცნობას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
