საქართველოს ეროვნული ბანკი “საქართველოს ბანკის” მიმართ ფინანსური სანქციის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სებ-მა საქართველოს ბანკი 3.5 მილიონი ლარით დააჯარიმა. ეს მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი ფინანსური სანქციაა, რაც კომერციული ბანკის მიმართ სებ-მა გამოიყენა.
სანქცია ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების მეხუთე მუხლის მოთხოვნის დარღვევას უკავშირდება, რაც კლიენტის შემოსავლის დადასტურების ვალდებულებებს განსაზღვრავს.
“საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, კომერციული ბანკი – სს „საქართველოს ბანკი“ (ს/ნ 204378869, ლიცენზიის ნომერი №86) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის“ მე-2 მუხლის 8 10 პუნქტის საფუძველზე 3,485,000 (სამი მილიონ ოთხას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარით დააჯარიმა. აღნიშნული სანქცია (ფულადი ჯარიმა) მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის ფაქტებს”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.




