მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა საქართველოში ტექნიკური მისიის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გამართეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ნინო ჯელაძესთან, ასევე, ეროვნული ბანკის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
ეროვნულ ბანკში მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა საკითხები. მათ შორის, ფინანსური სისტემის მდგრადობის განმტკიცება, კრიზისების პრევენცია და მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას და ჩარჩოს სრულყოფა.
აღნიშნული შეხვედრების მთავარი მიზანია სარეზოლუციო ჩარჩოს გაუმჯობესება, მის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე, სარეზოლუციო რეჟიმთან დაკავშირებული საოპერაციო და პრაქტიკული ასპექტების სამომავლო დახვეწა.
შეხვედრებზე ასევე განიხილეს საქართველოს სარეზოლუციო ჩარჩოს კრიზისული სიტუაციების მართვასა და საბანკო რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის, საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის მხრიდან სარეზოლუციო ფონდისთვის პოტენციური პირობითი დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობას და მასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებს. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის ფინანსური მდგრადობისა და კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში სარეზოლუციო უფლებამოსილებების მიზნებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ხაზი გაესვა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს მნიშვნელოვან როლს როგორც აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის კუთხით, ისე სარეზოლუციო და კრიზისული სიტუაციების მართვის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი და მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის საკონსულტაციო ცენტრი უკვე წლებია აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს ეროვნულ ბანკთან.
ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს




