საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალი“ დააჯარიმა.
სებ-ის ვებგვერდზე 8 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში 23 000 ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრების მიზეზები ასეთია:
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად ან/და ვადის გადაცილებით წარდგენის 3 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. შესაბამისად, მისო სამი შემთხვევისათვის, სულ – 6 000 ლარით დაჯარიმდა.
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე კლიენტისათვის რისკის მინიჭების/გადაფასების 4 ფაქტი, რაც დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის ოთხი შემთხვევისათვის, სულ – 12 000 ლარი.
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ კლიენტთან მიმართებით მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში არ არის განხორციელებული „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ზომა, კერძოდ კი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ მიუღია გონივრული ზომა კლიენტების ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად, რაც ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით.
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა საქმიანობის არსის დადგენა, რაც ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას – 2 000 ლარით.
ცნობისთვის, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალი“ ბაზარზე სააქციო საზოგადოების ფორმით 2007 წლიდან ოპერირებს, 2000-2007 წლებში კი ფუნქციონირებდა სხვადასხვა სახელწოდებით და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. ამჟამად “ლაზიკა კაპიტალი” საქართველოში წარმოდგენილია 19 ფილიალით.
კომპანიის გენერალური დირექტორი ბესიკ შენგელიაა. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, განთავსებული კაპიტალი 3 305 000 ლარს შეადგენს.