ეროვნულმა ბანკმა არასაბანკო სექტორისთვის ტრენინგები ჩაატარა

ეროვნულმა ბანკმა, საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, სპეციალური, არასაბანკო სექტორზე მორგებული სასწავლო მოდული შეიმუშავა. ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს.
„ტრენინგების სერია, სახელწოდებით „არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა, ანგარიშგება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა“ პირველად იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის სესხის გამცემი სუბიექტებისათვის (სგს) ჩატარდა.
სამდღიანი პროგრამის ფარგლებში სესხის გამცემი სუბიექტების ძირითადი მარეგულირებელი აქტების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მონაწილეები გაეცნენ ფინანსური ანგარიშგების შევსებისა და ელექტრონული პორტალის გამოყენების წესებს. ყურადღება გამახვილდა საოპერაციო რისკების შემცირებისა და კორპორატიული მართვის გაძლიერების აუცილებლობაზე. გარდა ამისა, ტრენინგი მოიცავდა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების მნიშვნელოვან ასპექტებს და პრევენციული ზომების აუცილებლობას. ასევე, საუბარი შეეხო მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრინციპებს და შესაბამის ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით განმარტებებსა და დაზუსტებებს.
დისკუსიის ნაწილში მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებული გამოცდილება, იმსჯელეს არასაბანკო სექტორის საჭიროებებსა და გამოწვევებზე. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
„ეროვნული ბანკის, როგორც მარეგულირებლის მიერ ჩატარებული ტრენინგები ხელს შეუწყობს ფინანსური ინსტიტუტების მუდმივ განვითარებას. დაეხმარება ორგანიზაციებს კანონმდებლობასთან შესაბამისი ეთიკური სტანდარტების დაცვაში, რაც საბოლოო ჯამში ეფექტიანი მართვის, რისკების შემცირების, ფინანსური სტაბილურობისა და სანდოობის ზრდის წინაპირობაა. მოხარული ვარ, რომ ტრენინგები ორმხრივად ნაყოფიერი გამოდგა და შევეცდებით, მსგავს საგანმანათლებლო ინიციატივებს უფრო სისტემატური ხასიათი მივცეთ“, – განაცხადა არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ირმა ბოკუჩავამ.
„აღსანიშნავია ტრენინგის მონაწილეების აქტიურობა და ჩართულობა. ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს საინტერესო საგანმანათლებლო პროექტების ინიცირებასა და მხარდაჭერას“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან ახალკაცმა.
ბოლო წლებში ეროვნული ბანკის მიერ მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არასაბანკო საფინანსო სექტორის გაჯანსაღებას, გამჭვირვალობის ზრდას და რეპუტაციის გაუმჯობესებას. არასაბანკო საფინანსო სექტორი როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის, ფინანსური სერვისების მნიშვნელოვანი მიმწოდებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო მომხმარებელთა მზარდი რაოდენობა მას კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.