ეროვნული სატყეო სააგენტოსა და „ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის“ (EBI) წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის მოხალისეობრივი პლატფორმის „ტყის მეგობარი“ ფარგლებში კორპორატიული თანამშრომლობა. მემორანდუმს ხელი ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ და სს „ლომისის“ დირექტორმა, ბურჩ კურტოღლუმ მოაწერეს.
მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ ტყეების დაცვის, აღდგენისა და მდგრადი მართვის აუცილებლობას და ამ პროცესებში კერძო სექტორისა და მოხალისეების ჩართულობას ითვალისწინებს.
პარტნიორობის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს ტყის აღდგენას და მოვლას დაქვემდებარებული ფართობების შერჩევას, ტყის აღდგენის პროექტების მომზადებასა და სამუშაოების ზედამხედველობას.
„პროექტის ძირითად მიზანია გააერთიანოს საზოგადოება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გარშემო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პლატფორმამ შემოიკრიბოს არა მხოლოდ მოხალისეთა ჯგუფები, არამედ კერძო სექტორი, მათ შორის, მსხვილი კომპანიები. „ეფეს საქართველოსთან“ თანამშრომლობის მემორანდუმიც ამის დასტურია; ვფიქრობ, მათი მხარდაჭერით ტყის აღდგენის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.
მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და UNDP-ის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (BIOFIN) ხელშეწყობით შეიქმნა.
„ეფეს საქართველო“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც „ტყის მეგობარს“ შემოუერთდა. კომპანიის ინიციატივით, გასულ წელს, თიანეთში ტყის აღდგენის ღონისძიებები 12 ჰა ფართობზე განხორციელდა.
ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს
