ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ვისთან ერთადაც იბრძოდნენ, გამოტოვეს
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საპატიო ჯილდოზე წარდგენილი 53 ადამიანიდან, 19 სიის მიღმა დარჩა.
კახა კალაძის განმარტებით, ფეხბურთელების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ორდენები მაშინ, როცა მათი კოლეგები ჯილდოს გარეშე რჩებიან.
“არ ვიცი რა უდგას ამას უკან. გაუგებარი იყო, რომ თქვეს განკარგულება გამოცემული გვქონდაო, ანუ ხალხისთვის არ უთქვამთ და დამალულად გამოსცეს, ასე გამოუვიდათ. რამდენი ხნის წინ პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატებული ფეხბურთელები წარადგინა ღირსების ორდენზე, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. მას შემდეგ, რაც აღვნიშნე, რომ სამწუხარო იყო, ამდენი ხანი რომ არ დააჯილდოვა პრეზიდენტმა ფეხბურთელები, შემდეგ თქვეს, რომ განკარგულება გამოცემული ჰქონდათ. უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ადამიანები, რომლენიც მათთან ერთად იბრძოდნენ, გამოტოვეს. ეს წარმოუდგენელია” – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს არის მავნებლური საქციელი, რითაც ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ.
“სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა.”–ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა.
სირცხვილია, როცა ეს ხდება ასეთი ისტორიული მატჩის წინ. ახლა ჩვენი ფეხბურთელების ირგვლივ უნდა სუფევდეს ხალხის ერთობა და საზეიმო განწყობა, მათ სჭირდებათ მთელი ქვეყნისგან, ყველა ინსტიტუტისგან თანადგომა და გამხნევება. ეს ერთობა არსებობს და ვერანაირი მდაბიო მცდელობა ამას ვერ შეარყევს. წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე.
რაც შეეხება დაჯილდოებას, ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში ორბელიანების სასახლეში, ეს იქნება სახალხო ზეიმი.”- ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.