ეროვნული მუზეუმი მზადაა, სოხუმში ხანძარს გადარჩენილი ექსპონატების რესტავრაციაში ჩაერთოს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადაა, ოკუპირებული ს სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრით დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში დახმარება აღმოუჩინოს სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან შექმნას სპეციალური ჯგუფი. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს გადარჩენილი ექსპონატების აღნუსხვის პროცესი მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ სარესტავრაციო სამუშაოებში რუსი სპეციალისტები ჩაერთვებიან.
ეროვნული ტრაგედია – ასე აღიქვეს აფხაზეთში „ეროვნულ სამხატვრო გალერეაში“ მომხდარი ხანძარი. აფხაზეთის ოქროს ფონდის ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 200-მდე გადარჩა.
„აფხაზეთის მხატვართა კავშირის“ შენობის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი, რის შედეგადაც „ეროვნული სამხატვრო გალერეის“ თითქმის მთელი ფონდი დაიწვა, კვირას, 21 იანვრის ღამით, გაჩნდა.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კულტურის მინისტრის, დინარა სმირის განცხადებით, ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 150-მდე გადარჩა. განადგურდა ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ყველა ნამუშევარი.
· აფხაზეთის ეროვნული გალერეა შეიქმნა 1963 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიერ გამოცემული ბრძანებულების საფუძველზე. მის დაარსებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოხუმის მკვიდრმა, ხელოვნების დიდმა მოყვარულმა, ექიმმა იეზეკიელ ფიშკოვმა, რომელმაც გალერეას სახლი და 60 ტილო შესწირა.
· 1964 წლის 17 მარტს, როცა გალერეა გაიხსნა, დაწესებულებას თავისი ნამუშევრები გადასცეს მხატვრებმა მ. ეშბამ, ო. ბრენდელმა, ი. ცომაიამ, ი. ივანბამ და სხვ. თავდაპირველად გამოიფინა 100 ნახატი და 20 სკულპტურა. დროთა განმავლობაში კოლექცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და გამდიდრდა.
· გალერეის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 1985 წლის 17 მარტს, როცა ექსპოზიცია გადავიდა ახალ მისამართზე, ლაკობას 17-ში. ამავე დღეს აფხაზეთში გადაასვენეს ცნობილი აფხაზი მხატვრის, ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნეშტი.
· აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი ე.წ. პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გადაწყვეტილებით, გალერეას გამოუყვეს ახალი შენობა – პუშკინის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ქალთა გიმნაზიის სახით, თუმცა ფინანსური სახსრების უკმარისობის გამო ვერ მოხერხდა შენობის სათანადო მდგომარეობაში მოყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ