საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კონსტანტინე გამსახურდიამ დაუდასტურა. მისივე თქმით, შემოთავაზება პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო.
“ვადასტურებ და ჩემი თანხმობაც არის. მუშაობის დაწყებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ არცთუ დიდი. აქ არის გარკვეული პროცედურული საკითხები”, – ამბობს ის.
მანამდე, ეროვნული ბიბლიოთეკის მოქმედმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ განაცხადა, რომ მას თანამდებობიდან წასვლაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესაუბრა. შეხვედრისა და საუბრის შინაარსზე კეკელიძემ ფეისბუკში დაწერა.
“პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა”, – აცხადებს კეკელიძე.
რადიო თავისუფლება კომენტარისთვის საქართველოს პარლამენტს დაუკავშირდა. მათი პასუხი მიღებისთანავე აისახება ტექსტში.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაშია.
“საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, უცხო სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები, ეროვნული ბიბლიოგრაფიის, ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური საქმიანობის და კულტურის ცენტრი, აგრეთვე ამ სამუშაოების კოორდინატორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო ეროვნული ბიბლიოთეკა ექვემდებარება საქართველოს პარლამენტს”, – წერია ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.
1846 წელს თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე დაარსდა “ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა”.
გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის 24-ე გენერალურ დირექტორად 2012 წელს დაინიშნა.