ინფორმაცია „ქართუ ბანკის” თითქოსდა სპეციალურად დაჯარიმების შესახებ, არის სრული სპეკულაცია და მოსახლეობის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში ეროვნული ბანკი განმარტავს თავისი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენლის პერიოდულ შემოწმებასთან დაკავშირებულ პროცედურებს და აცხადებს, რომ არსებული მიდგომით ისარგებლა სებ-მა „ქართუ ბანკთან” მიმართებაშიც.
კერძოდ, განცხადების თანახმად, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, „ქართუ ბანკის” მხრიდან კონკრეტული ტრანზაქციის განხორციელება-აღრიცხვის პროცესში, მოქმედ რეგულაციებთან მთელი რიგი შეუსაბამობები დადგინდა ანალიზისა და შესწავლის შედეგად და არა – „მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, როგორც ეს სხვადასხვა მხარის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებში ისმის“. შესაბამისად, შესწავლის შედეგად, ბანკს დაუწესდა ჯარიმა და მიეცა მითითებები.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სს „ქართუ ბანკის” თითქოსდა სპეციალურად დაჯარიმების შესახებ, არის სრული სპეკულაცია და მოსახლეობის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
მოგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში ახორციელებს საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენლის პერიოდულ შემოწმებას. სებ-ის პირდაპირი ვალდებულებაა, მოიკვლიოს რეგულაციების დარღვევის ფაქტები და მოახდინოს რეაგირება. შემოწმება მიზნად ისახავს მოქმედ კანონმდებლობასთან კომერციული ბანკის შესაბამისობის დადგენას, მათ შორის, შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას.
შემოწმების შედეგად, საფინანსო სექტორის წარმომადგენელთათვის განისაზღვრება შესაბამისი რეკომენდაციები და გასატარებელი ღონისძიებები. მათ შორის, სებ-ის ზედამხედველობის ფარგლებში, შესაძლოა კომერციულ სუბიექტს ფულადი ჯარიმაც დაეკისროს. ცნობისთვის, ბოლო 5 წლის განმავლობაში ბანკებისთვის დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა 100-ზე მეტია.
მათ შორის, არსებული მიდგომით ისარგებლა სებ-მა სს „ქართუ ბანკთან” მიმართებაშიც. 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, „ქართუ ბანკის” მხრიდან კონკრეტული ტრანზაქციის განხორციელება-აღრიცხვის პროცესში, მოქმედ რეგულაციებთან მთელი რიგი შეუსაბამობები დადგინდა ანალიზისა და შესწავლის შედეგად და არა – მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, როგორც ეს სხვადასხვა მხარის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებში ისმის.
შესწავლის შედეგად, ბანკს დაუწესდა ჯარიმა და მიეცა მითითებები.
ასევე სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს „ქართუ ბანკი” აქამდე არ დაჯარიმებულა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სებ-ის მიერ არაერთხელ გამოყენებულა სხვადასხვა სახის საჯარიმო ზომა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, მათ შორის „ქართუ ბანკის” მიმართაც.
აქვე ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო სისტემის საზედამხედველო პროცესი საერთაშორისოდ აღიარებული რისკზე დამყარებული მიდგომის შესაბამისად წარიმართება. აღნიშნული, მათ შორის, მოიცავს საჯარო ინფორმაციის განგრძობით მონიტორინგს, რათა მაქსიმალურად ადეკვატურად მოხდეს ამა თუ იმ კომერციული ბანკის რისკის პროფილის შეფასება და საზედამხედველო გადაწყვეტილებების მიღება.
ამასთან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმების დაწესება ეროვნული ბანკისთვის ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილებაა. ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია ყველა ის კითხვა, რომელიც სებ-ის მიერ მანდატით მინიჭებული ვალდებულების პირნათლად შესრულების გამო გაჩნდა“,- აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
