ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს თავის დროზე ყიდის. ადრე ასე არ იყო და არც გვიჯერებდნენ – სოსო ფხაკაძე

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დიდი ოდენობით რეზერვების გაყიდვას დადებითად აფასებს. როგორც მან Bm.ge-სთან განაცხადა, სებ-ი სავალუტო ბაზარზე სწორ დროს ჩაერია.
„ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს თავის დროზე ყიდის. ადრე ასე არ იყო და არც გვიჯერებდნენ“, – განაცხადა მან.
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ასევე ოპტიმისტურად არის განწყობილი სავალუტო რეზერვების შევსების საკითხში და მიაჩნია, რომ მის თავიდან დაგროვებას ეროვნული ბანკი მალე შეძლებს.
“ეროვნულ ბანკს იმიტომ აქვს რეზერვები რომ თანადროულად უნდა ჩაერიოს და არ უნდა დააგვიანოს, რადგან დაგვიანების შემთხვევაში სებ-ი უფრო მეტ რეზერვს გაყიდის, ვიდრე ის გაყიდიდა თავიდან რომ ჩარეულიყო და კარგია რომ ეს ასე ხდება.
ბოლო პერიოდია სებ-ი რეზერვებს თავის დროზე გაყიდის, ადრე ეს ასე არ იყო და არც გვიჯერებდნენ. ახლა, რამდენიმე წელია თავის დროზე ერევა ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე და როგორც კი ლარის კურსის გაუფასურებას თავიდან აიცილებს მალე იწყებს უკან დოლარების შესყიდვას.
დარწმუნებული ვართ, რომ ის თანხები რაც ეროვნულმა ბანკმა გაყიდა, რამდენიმე კვირაში უკან შესყიდვა დაიწყება და ისევ შეავსებს სავალუტო რეზერვებს”, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.