ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზანი საინვესტიციო ბაზრისა და აქტივების დივერსიფიცირებაა.
“ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომატებული ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ოქროში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო საშუალებაა, რომელიც მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება და მოთხოვნა მუდმივად არსებობს. ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება.

ოქროს სერტიფიკატი ოქროთი უზრუნველყოფილი უპროცენტო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს. ის გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის ოქროს ზოდებით, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება. უმაღლესი სინჯის ზოდები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბანკი განმარტავს, რომ სერტიფიკატის მფლობელს რამდენიმე უპირატესობა აქვს – მას შეუძლია სერტიფიკატის როგორც მეორად ბაზარზე გაყიდვა, ასევე მისი განაღდება და ეროვნული ბანკის საცავიდან კუთვნილი ოქროს ზოდის მიღება. ოქროს სერტიფიკატების შეძენას მომხმარებლები კომერციულ ბანკებში შეძლებენ. ოქროს სერტიფიკატის ფასი ოქროს საერთაშორისო ფასის ცვლილების შესაბამისად შეიცვლება/დადგინდება.
ოქროს სერტიფიკატებიც და ზოდებიც 20 გრამიანი და 1 კგ-იანი ნომინალის იქნება. მათი გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყება.