ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ არ არსებობს საქართველოს SWIFT-დან გათიშვის საფუძველი

ევროპარლამენტს სურს, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განიხილონ საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ქსელიდან – SWIFT-დან – გათიშვის საკითხი, საქართველოს ეროვნული ბანკი კი პასუხად ირწმუნება, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს საბანკო სისტემის რეგულატორი „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს სანქციების აღსრულებაზე.
„საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორის სანქციების რეჟიმებთან სრულ შესაბამისობას დადებითად აფასებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. მაღალია ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით საერთაშორისო სტანდარტებთან საფინანსო სექტორის შესაბამისობის დონე, რაც ასევე დასტურდება ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) შეფასებებით. ასევე, პერმანენტულად დადებით შეფასებას იმსახურებს სებ-ის ძალისხმევა საფინანსო სისტემის და კანონმდებლობის ევრო რეგულაციებთან დაახლოების კუთხითაც.
სისტემა გამორჩეულად გამჭვირვალეა და შესაბამისად, მზარდია ინვესტორების ნდობა მის მიმართ“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
გუშინ, 8 ივლისს, ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი მწვავე რეზოლუცია დაამტკიცა. 490 ევროპარლამენტარის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციების გარდა, განიხილოს დამატებითი შემზღუდავი ნორმები, მათ შორის:
· SWIFT-იდან (უდიდესი საერთაშორისო საბანკო ანგარიშსწორების სისტემიდან) გათიშვა;
· „სექტორული სანქციები, რომლებიც მიმართულია „ქართული ოცნების“ რეჟიმის შემოსავლის წყაროებისა და ნაკადების შეჩერებისკენ“.
რეზოლუციის მთავარი სათქმელია: „ქართული ოცნების“ „რეჟიმის“ ლეგიტიმაციის არაღიარების გაგრძელება, ოპოზიციონერების პატიმრობის დაგმობა, სანქციების დაწესება, მზია ამაღლობელისა და სხვა „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)