ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ სინგაპურის ფინტექ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა – რა საკითხები განიხილეს?

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გოგუაძემ სინგაპურის ფინტექ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.
Singapore FinTech Festival 2025 გლობალური ფინანსური ეკოსისტემისთვის გარდამტეხი პროცესების მიმოხილვასა და მომავლის ფინანსური არქიტექტურის ჩამოყალიბებაზე მსჯელობას დაეთმო. პანელურ დისკუსიებზე მონაწილეებმა აკადემიური კვლევები და პოლიტიკის შემქმნელთა ხედვები განიხილეს.
ფესტივალის ფარგლებში სებ-ის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ცენტრალური ბანკისა თუ საზედამხედველო სტრუქტურის წარმომადგენლებთან, მათ შორის გერმანიის ფინანსურ ფედერალურ სამსახურთან – BaFin, ესპანეთის ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიასთან, ომანის ცენტრალურ ბანკთან, ბრიტანეთის კოლუმბიის (კანადა) ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის კომისიასთან – BCSC, ჩეხეთის რეგულირების სენდბოქსთან და სხვა.
„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რეგულატორებთან გამართული შეხვედრები მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას და ქვეყნის მარეგულირებელი ჩარჩოს დაახლოებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და ვირტუალური აქტივების სფეროში არსებული გამოწვევების გაანალიზებას სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო უწყებების კოლეგებთან, რათა მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიების და პასუხისმგებლიანი ინოვაციების განვითარების ხელშეწყობა“, – აღნიშნა ნინო ჯელაძემ.
სინგაპურის ფინტექ ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ გამოფენაა. ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, სადაც მრავალდიაპაზონიანი დისკუსიები ქმნის საფუძველს მომავალი ათწლეულის ფინანსური და მონეტარული სისტემის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრისთვის.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს