ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2023 დასრულდა. რიგით მესამე აგროოლიმპიადის გამარჯვებულები, საზეიმო ღონისძიებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, მამუკა მესხმა და ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ კარნერმა დააჯილდოვეს. ამის ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები ოლიმპიადის პარტნიორებმა და სპონსორებმა გადასცეს.
„ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება, შესაბამისად, ყოველწლიურად ვაძლიერებთ მხარდამჭერ პროგრამებს ჩვენი ფერმერებისთვის. სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაინტერესება აგრარული პროფესიებით. აქედან გამომდინარე, აგრარული ოლიმპიადა არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების, მოსწავლეების, სპეციალისტებისა და ფერმერების შესაძლებლობების გაზრდას და წახალისებას, რომ აგრარული დარგით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ,“ – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, მამუკა მესხმა აღნიშნა, რომ ეროვნული აგრარული ოლიმპიადა აგრარული განათლების სექტორის განვითარებისა და პოპულარიზაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებას.
„ოლიმპიადაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას. მნიშვნელოვანია მათი დაინტერესება სოფლის მეურნეობის სექტორით აღნიშნული დარგის კიდევ უფრო განსავითარებლად“, – განაცხადა ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ კარნერმა.
სამინისტროს ინფორმაციით, აგროოლიმპიადა 2023-ში 870 კონკურსანტი მონაწილეობდა. ორეტაპიანი ტესტირების შედეგად, ოთხ კატეგორიაში (სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი, მოსწავლე), ექვსი საკონკურსო მიმართულებით (აგრონომია, ვეტერინარია-მეცხოველეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, სასურსათო ტექნოლოგია, მექანიზაცია, სატყეო საქმე), 39 გამარჯვებული გამოვლინდა.
„აგროოლიმპიადა 2023-ის პარტნიორები და მხარდამჭერები იყვნენ: აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL), „თიბისი ბიზნესისთვის“, „ალდაგი“, „აგროსფერო“, „ბარაქა“, „ჰექტაში“, „ქართული ღვინის გილდია“, „ვინოტელი“, „ბეკო“, „აგრომოტორსი“, „პომონა“ და „მურაჩა“.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოში უკვე მესამე წელია ტარდება და მიზნად ისახავს აგრარული განათლების, სპეციალობების და პროფესიების პოპულარიზაციას, დარგით ახალგაზრდების დაინტერესებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ. აგროოლიმპიადა წარმოადგენს აგრარული მიმართულებით ცოდნის გამოვლენისა და შეფასების ერთადერთ პლატფორმას, რომელსაც საქართველოში და ზოგადად, რეგიონში, ანალოგი არ აქვს.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით იმართება. ოლიმპიადის კონცეფციის ავტორია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA). აგრარული ოლიმპიადის პარტნიორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2023-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ოლიმპიადის პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.