უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინა ომის დასასრულებლად ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.
ერმაკი გამოეხმაურა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ კომენტარებს ომის სწრაფად დასრულებასთან დაკავშირებით.
ერმაკმა აღნიშნა, რომ კიევი აშშ-ის რჩევებს მოუსმენს “სამართლიანი მშვიდობის” მისაღწევად, თუმცა, თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობის სანაცვლოდ არ დათმობს.
“ჩვენ არ ვართ მზად კომპრომისზე წავიდეთ ღირებულებებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი” –ამბობს ერმაკი.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დებატების დროს, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო და ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, რუსეთი უკრაინას თავს არ დაესხმებოდა. მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ომის სწრაფად დასრულება შეუძლია.