„ერთ ჯერზე იმდენი წვიმა მოდის, რამდენიც შეიძლება მთელი თვის განმავლობაში მოდიოდეს, ქალაქები ამიტომ იტბორება“ – ნინო ჩხობაძე

„ერთ ჯერზე იმდენი წვიმა მოდის, რამდენიც შეიძლება მთელი თვის განმავლობაში მოდიოდეს. ესაა მიზეზი იმისა, რომ ბოლო თვეებში ამდენი ქალაქი დაიტბორა“, – ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ, „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
ჩხობაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება ურთულესი გახდა, რადგან ატმოსფეროში უამრავი და ძალიან სწრაფი ცვლილებებია.
„იმდენად არაპროგნოზირებადია კლიმატი და იმდენი ცვლილება ხდება ატმოსფეროში, რომ გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია. მაგალითად, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურა შეიძლება ისევ დავარდეს, მერე ისევ აიწევს და ოქტომბერში მეტ-ნაკლებად თბილი ამინდები გვქონდეს. ნოემბერში, როგორც წესი, ჩვენთან ზამთარი იწყება და უცებ აცივდება ხოლმე, დეკემბერში კი ისევ თბილი ამინდები დგება.
ძალიან მკვეთრი ცვლილებებია და უცებ 40 გრადუსიდან 20 გრადუსამდე შეიძლება დავარდეს ტემპერატურა – წელს დავაფიქსირეთ, რომ ღამისა და დღის ტემპერატურის ამპლიტუდა ძალიან დიდი იყო, რაც ძალიან საშიშია და ნიადაგის გამოფიტვასა და ეროზიას იწვევს. შესაბამისად, ნებისმიერი წვიმის დროს არსებობს საფრთხე, რომ ღვარცოფული პროცესები განვითარდეს. მით უმეტეს, რომ ჩვენთან ყველა მდინარე მთის მდინარეა და წვიმის წყლებით საზრდოობს.
რამდენიმე დღის წინ შეხვედრა გვქონდა და სანაპიროს კლიმატის ვარიაციებზე ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ კლიმატის ცვლილების გამო, წვიმების მოცულობა არ გაზრდილა, მაგრამ ერთჯერადი მოსვლაა ძალიან დიდი – ერთ ჯერზე მოდის იმდენი, რაც შეიძლება თვეში მოდიოდეს და ქალაქების დატბორვის პრობლემის წინაშე ვდგებით. კარგად გვახსოვს, წელს რამდენჯერ დაიტბორა, ასევე და სხვა ქალაქები, რამდენიმე დღის წინ დიდი დიღმის ამბებიც გვქონდა.
ასე რომ, ამ ყველაფერზე მეტი უნდა ვისაუბროთ, მოვნახოთ გამოსავალი და გადავდგათ ნაბიჯები. სხვა შემთხვევაში, საქმე ბუნებასთან გვაქვს და რამდენადაც არაფერს გავაკეთებთ, იმდენად მკვეთრი პასუხი იქნება მისგან“, – განაცხადა ჩხობაძემ.