„ერთ პროგრამად ქცეული ოთხჯერ ხომ არ შეიძლება ჩაიწეროს?“ – როგორ განმარტავს მინისტრის მოადგილე აბიტურიენტისთვის არჩევანის საშუალებას

სადავო პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილემ „ქართული ოცნების“ მთავრობაში, ზვიად გაბისონიამ განაცხადა, რომ გუშინდელ 8 დეკემბრის საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც განათლების რეფორმის კონცეფციას წარდგენდა, მისი სიტყვების “არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა”, თითქოს აბიტურიენტები რამდენიმე უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის არჩევას ვეღარ შეძლებენ.
ამ საკითხზე სამინისტრომ განმარტებაც გაავრცელა.
ზვიად გაბისონიამ, დღეს 9 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე დასმული შეკითხვის პასუხად განმარტა.
“მე მგონი წაკითხულის გააზრებასთან დაკავშირებით პრობლემა ბევრგან გვაქვს, სამწუხარო იყო ის, რომ კომიტეტს ესწრებოდა ძალიან ბევრი პარლამენტის წევრი, მათ შორის ესწრებოდნენ ჟურნალისტები, როგორც მახსოვს…
პასუხი იყო ამოჭრილად გაკეთებული და შეკითხვას არავინ არ მოუსმინა, დღეს მეხუთეჯერ განმარტე, და განვმარტავ არ მეზარება. კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: რას გულისხმობს, 1 ქალაქი 1 ფაკულტეტის პრინციპი, ჩემი პასუხი იყო მაგალითად მოყვანილი, როგორც სტუდენტებს ვუხსნი ხოლმე, იყო ასეთი მაგალითი მოყვანილი, რომ მაგალითად თბილისში არსებობს ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც იმეორებს ერთიდაიგივე საგანმანათლებლო პროგრამას, მაგალითად სამართალს, ან ეკონომიკას, ანუ გვაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერისიტეტი, ილიას სახელმწიფოო უნივერისტეტი, სოხუმის სახელმწიდო უნივერისტეტი, შესაბამისად, ამ ეტაპისთვის, დღეს არსებული მოდელი სტუდენტს აძლევს საშუალებას მოხაზოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველ არჩევანად, მეორე – ტექნიკური უნივერსიტეტი, მესამე მოხაზოს ილიაუნი. მეოთხე მოხაზოს სოხუმის [უნივერსიტეტი]
ეს ვთქვი და შემდეგ ვუთხარი, დღეს არსებული მოდელიდან განსხვავებით ახალი რეფორმის მოდელი ამის საშუალებას შეზღუდავს, რადგან მოხდება 4-5 სამართლის ან ეკონომიკის სკოლის სინთეზი ერთ სკოლად, შესაბამისად აქ არ იყო საუბარი, რომ სხვა პროგრამებზე იზღუდება არჩევანი”, – თქვა გაბისონიამ.
მანვე დღეს მედიასთან საუბარში, ეს პრინციპი ასეთნაირად განმარტა.
“თბილისში არსებულ 5 სახელმწიფო უნივერისტეტში არსებული ერთი და იგივე პროგრამების გადუალება (გაორმაგება რედ.) ვერ მოხდება და რა თქმა უნდა, სტუდენტი ვერ აირჩევს ავტომატურად, რადგან ეს იქნება ერთ პროგრამად ქცეული, ერთ პროგრამად ქცეული ოთხჯერ ხომ არ შეიძლება ჩაიწეროს? ანუ საუბარი იყო მხოლოდ ამაზე, აქედან გამომდინარე, ვიმეორებ ამ ნაწილში შემოხაზავს მხოლოდ ერთ – ეკონომიკის ფაკულტეტს, მას შეიძლება შემოხაზოს კერძო უნივერსიტეტებიდან ეკონომიკის სხვა ფაკულტეტები ან ნებიესმიერ სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სხვა მიმართულება, რადგან გადუალების ნაწილს ეს არ ეხება”.
შეკითხვაზე ანუ შეზღუდვა მაინც არის? მინისტრის მოადგილემ უპასუხა – “კონცეფცია ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი, გულისხმობს, რომ არ უნდა მოხდეს გადუალება”.
რა თქვა ზვიად გაბისონიამ 8 დეკემბერს
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 8 დეკემბერს ზვიად გაბისონიამ შესაბამისი შეკითხვის პასუხად საკითხი ასე განმარტა.
„მთავარი პრინციპი არ არის, რაც გვინდა რომ შევცვალოთ, თქვენ იცით, რომ დღეს არსებული მოდელის მიხედვით, როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ოფცია, ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, ან მესამეში, ან მეოთხეში და რეალურად ამით ხარისხი, მოგეხენებათ, რო, ვარდება.
ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება, ანუ მთავარი ამოცანა იქნება, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა, რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მოკლე პერიოდში პირველადი შედეგები ნამდვილად გვექნება, რადგან იქ მოხვდებიან მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე აბიტურიენტები“,- თქვა ზვიად გაბისონიამ.
მისი ამ სიტყვებს მოჰყვა სამინისტროს განმარტება, რომელშიც უარყოფილი იყო ინფორმაცია, რომ თითქოს მომავალი წლიდან აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ.
“აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩამონათვალში მიუთითონ სახელმწიფო, თუ კერძო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები“.
მმართველი გუნდი უმაღლესი განათლების სფეროში ცვლილებებს იწყებს.
· საუნივერსიტეტო განათლების რეფორმა მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით – „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“.
· იგი მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებასა და სახელმწიფოს დაკვეთით მუშაობას.
ექსპერტები რეფორმას აკრიტიკებენ, როგორც ევროპული საგანმანათლებლო სისტემისგან იზოლაციისა და აკადემიური თავისუფლების ხელყოფის საფრთხეს.
კრიტიკის პასუხად ზვიად გაბისონიამ თქვა, რომ რამდენიმე ათასიდან ათი ან ასი პროფესორის კრიტიკა “საერთო ეროვნულ შეჯერებულ პოზიციას” არ გულისხმობს, მისი თქმით, ეს “უხერხულია” და განმარტა, რომ “საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით იმის გამო რომ ცნება ექსპერტი განმარტებული არ არის ზოგს ორი წიგნიც შეიძლება არ ჰქონეს წაკითხული და ექსპერტებს ვეძახით, თუმცა ძალიან ბევრი ექსპერტის სახელი და გვარი არც კი გამიგია, ბოლო პერიოდებში ისეთი სახელები და გვარები ჟღერდება”.