რუსული ავიახაზების ოპერირებად ორ სამგზავრო თვითმფრინავს ფრენისას ძრავის გაუმართაობის პრობლემა შეექმნა. ორივე თვითმფრინავი უკან, გამგზავრების აეროპორტებში დაბრუნდა.
2 და 3 იანვარს მომხდარი ინციდენტების შესახებ იტყობინება ტელეგრამის არხი “Авиаторщина”, რომელიც თვითმფრინავების ავარიების შემთხვევებს აკვირდება და წერს, რომ 3 იანვარს ურალის ავიახაზების თვითმფრინავს, რომელიც 4500 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა მარცხენა ძრავის პრობლემა შეექმნა.
თვითმფრინავი შარმ ელ-შეიხიდან ეკატერინბურგში მიფრინავდა, მაგრამ იძულებული გახდა დაბრუნებულიყო გამგზავრების აეროდრომზე.
ავიაკომპანიის პრესსამსახურმა განმარტა, რომ ამ თვითმფრინავის ფრენები შეჩერებულია. მგზავრები კი სარეზერვო ბორტზე გადაიყვანეს.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს შაბათს განუცხადა, რომ ინციდენტს იძიებენ.
ბორტზე 164 მგზავრი იმყოფებოდა და როგორც თვითმხილველმა გამოცემა E1-ს განუცხადა, დაშვებამდე სალონში პანიკა დაიწყო.
2 იანვარს მარცხენა ძრავამ უმტყუნა “NordStar Airlines”-ის კუთვნილ ბოინგ 737-ს, რომელიც ვოლგოგრადიდან ეკატერინბურგში მიფრინავდა.
პრობლემა 11 300 მეტრის სიმაღლეზე გაჩნდა, ეს თვითმფრინავიც გამგზავრების აეროპორტში დაბრუნდა.
ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ ამ თვითმფრინავის ფრენები შეჩერებულია და ხომალდის ტექნიკური მდგომარეობა შეფასდება.
სააგენტო „ვოლგა-მედიის“ ცნობით, ბორტზე 164 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
რუსეთის ხელისუფლება ამ საჰაერო ინციდენტზე კომენტარს არ აკეთებს.
პირველი თვითმფრინავი 6 წლისაა, მეორე – 16-ის.
ორივე იყენებს ამერიკულ-ფრანგული კონცერნის CFM International-ის მიერ წარმოებულ ძრავებს.
შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დააწესეს სანქციები რუსეთის საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.
აკრძალულია ქვეყნისთვის საჰაერო ხომალდის ნაწილების მიწოდება და რუსული თვითმფრინავების მომსახურება.
ამ ფაქტებამდე რამდენიმე დღით ადრე, 27 დეკემბერს, დილით რუსეთში მუშაობა შეაჩერა რამდენიმე აეროპორტმა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, „როსავიაციამ“, გადაწყვეტილება ზოგადი მიზეზით, „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფით“ ახსნა.
წყარო: რადიო თავისუფლება